ხელოვნების სტუდიის პროგრამების პრეზენტაცია ეროვნულ გალერეაში
შაბათს, 10 ოქტომბერს 14:00 საათზე გიწვევთ საქართველოს ეროვნული მუზეუმის ხელოვნების სტუდიის პროგრამების პრეზენტაციაზე.
ეროვნული მუზეუმის მეგობრების საზოგადოება და დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეის ხელოვნების სტუდია ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში აცხადებს 6-დან 14 წლამდე ასაკის ბავშვების მიღებას.
სტუდია სთავაზობს მონაწილეებს მოგზაურობას ხელოვნებისა და კულტურის ისტორიაში, ეროვნული გალერეისა და მუზეუმის სივრცეებში განხორციელებული ექსპოზიციების მიხედვით.
პროგრამით გათვალისწინებული თემები: ხელოვნების დარგები და მათი სპეციფიკური გამომსახველობითი ენა; სახვითი ხელოვნების ჟანრები; ქართული თუ მსოფლიო ხელოვნების შედევრები ზოგად-კულტუროლოგიურ ჭრილში; მხატვრული ეპოქები, მსოფლმხედველობრივი ღირებულებების მიხედვით.
ეროვნული გალერეის ხელოვნების სტუდიას გამორჩეულს ხდის სწავლების მეთოდოლოგია:
- ,,წყაროზე აგებული სწავლება"
- შემეცნებით-სახალისო, ინტერაქტიული ფორმატი
- გალერეის და მუზეუმის სივრცეში არსებული ექსპოზიციები
- პრეზენტაციები, მრავალფეროვანი ვიზუალური მასალით
სტუდიის მიზანია ერთი მხრივ, გააღრმაოს მოზარდების ინტერესი ხელოვნების და კულტურის ისტორიისადმი, შესთავაზოს სათანადო ორიენტირები არტეფაქტების აღქმის პროცესში და მეორე მხრივ, განავითაროს ბავშვებში შემოქმედებითი უნარები, თავისუფალი აზროვნება. პრაქტიკულ ნაწილში ხატვასთან ერთად დაგეგმილია თამაშები ფაზლების, თავსატეხებისა და ლოტოს გამოყენებით.
მისამართი: შოთა რუსთაველის გამზირი 11 (შესასვლელი ალექსანდრეს ბაღის მხრიდან).