ფოტოგამოფენა ,,ურთიერთობა, რომელმაც გაუძლო დროს"

10 მაისი 2015
Share

2015 წლის 10 მაისიდან საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში ევროკავშირის დღის აღსანიშნავად, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, პროექტი ,,ერთად შევეგებოთ ევროპას" და საქართველოს ეროვნული არქივი გთავაზობთ ქართულ-ევროპული ურთიერთობებისადმი მიძღვნილ ფოტოგამოფენას. 

გამოფენაზე წარმოდგენილი 145 ფოტო მოგვითხრობს ისტორიას ადამიანებისა, რომლებიც ქვეყნის განვითარების მომავალს ევროპული ღირებულებების კონტექსტში ხედავდნენ. აქვე იხილავთ დასავლეთთან საქართველოს სამრეწველო პარტნიორობის ამსახველ ფოტოებს მიულსების ბელგიური ოჯახის ქართული ეპიზოდიდან. მე20 საუკუნის შუა და გვიანი პერიოდის ევროპულ-ქართული კულტურულ-პოლიტიკური მიმოსვლის ქრონოლოგიას პრესის ფოტოგრაფები გადმოსცემენ.

საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული მე20 საუკუნის ფოტოები გადმოგვცემენ ურთიერთობების ისტორიას, რომელმაც დროს გაუძლო ცარიზმის, დემოკრატიული რესპუბლიკისა და საბჭოთა ეპოქაში. მიუხედავად განსხვავებული მმართველობითი მოდელებისა და პოლიტიკური მდგომარეობისა დროთა განმავლობაში არ შეცვლილა ევროპულ სახელმწიფოებთან საქართველოს მეგობრობისა და თანამშრომლობის სურვილი. 

გამოფენა 2015 წლის 27 მაისამდე გაგრძელდება. 

მისამართი: დ. შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა, შოთა რუსთაველის გამზირი 11.