გამოფენა „ქალაქი ნავთობის შემდეგ - ქალაქის მომავლის ისტორია“

05 მარტი 2015
Share

2015 წლის 5 მარტს 19:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის თბილისის ისტორიის მუზეუმში წარმოგიდგენთ უცხოეთთან ურთიერთობის ინსტიტუტის (იფა) და არქიტექტურული და ქალაქგეგმარებითი ჟურნალის ARCH+ ერთობლივ გამოფენას „ქალაქი ნავთობის შემდეგ - ქალაქის მომავლის ისტორია".

გამოფენის მხარდამჭერია გოეთეს ინსტიტუტი თბილისში, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიურო და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.

დღეს მსოფლიო მოსახლეობის ნახევარზე მეტი ქალაქებში ცხოვრობს, სწორედ ქალაქის პრობლემებიდან გამომდინარე უნდა მოინახოს ისეთ ამოცანებზე პასუხი, როგორიც კლიმატური ცვლილებები და წიაღისეული ენერგიის სავარაუდო ამოწურვაა. გამოფენასა და კატალოგში წარმოდგენილია აზიაში, აფრიკასა და ამერიკაში განხორციელებული უახლესი პროექტები, რომლებიც შემდეგ საკითხებს ეხმაურება: როგორ შეიცვლება ქალაქები, როდესაც წიაღისეულ (ტრადიციულ) ენერგიებს სრულად ჩაანაცვლებს განახლებადი ენერგიის წყაროები? რა გავლენას მოახდენს ენერგიის ალტერნატიული წყაროები საქალაქო სატრანსპორტო სისტემაზე, მდგარადობისა და მობილურობის პოლიტიკაზე? როგორ შეიცვლება ქალაქის იერსახე გლობალიზაციის ფონზე?

გამოფენაზე წარმოდგენილი თანამედროვე და ისტორიული პროექტების პირდაპირი კავშირის ანალიზი ნათლად აჩვენებს, რომ დღეს მიმდინარე არქიტექტურული თუ ურბანული პროცესები სათავეს მე-20 საუკუნის მოდერნისტული არქიტექტურის უტოპიებიდან იღებს, რომლებიც თავიდან გააზრებული, დღევანდელთან მისადაგებული და განვითარებულია. თანამედროვე ქალაქმგეგმარებლებს  პროექტებში გათვალისწინებული აქვთ კლიმატის ცვლილები,  ტრადიციული ენერგომატარებლების ამოწურვითა და გაუარესებული ეკოლოგიური მდგომარეობით გამოწვეული საფრთხეები.

გამოფენა გაგრძელდება 2015 წლის 30 მარტამდე.

გამოფენის ფარგლებში, 6 მარტს გაიმართბა საჯარო მოხსენებები და დისკუსიები:

17:00 - პროექტის „ქალაქი ნავთობის შემდეგ" პრეზენტაცია (ნიკოლ ოპელი, ჟურნალი ARCH+) და პროფ. ჰარალდ ბოდენშაცის (ბერლინის ტექნიკური უნივერსიტეტი) მოხსენება ,,იდეალური ქალაქი - არა, ბატონო! ქალაქგეგმარება და ქალაქი".

18:00 - საჯარო დისკუსია თემაზე „ქალაქის მომავალი" თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების დეპარტამენტის უფროსის ოთარ ნემსაძის, არქიტექტორ-ურბანისტ ლადო ვარდოსანიძის,  პროექტის ინიციატორის მარიამ გეგიძისა და პროფ. ჰარალდ ბოდენშაცის მონაწილეობით.

მისამართი:  ი.გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა), სიონის ქ. 8.

 

 

მიმაგრებული დოკუმენტები :
ქალაქი ნავთობის შემდეგ – პროგრამა