30 წელი ტიმ სევერინის ექსპერიმენტის „იასონის მოგზაურობის” შემდეგ
საქართველოს ეროვნული მუზეუმი, 30 წლის შემდეგ, კვლავ მასპინძლობს ცნობილ ირლანდიელ მწერალსა და მოგზაურს ტიმ სევერინს.
2014 წლის 1 ივლისს საქართველოს ეროვნული მუზეუმი და „National Geographic საქართველო" სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში წარმოგიდგენთ ღონისძიებას - 30 წელი ტიმ სევერინის ექსპერიმენტის „იასონის მოგზაურობის" შემდეგ.
10:30 გამოფენის გახსნა - ,,ანტიკური ეპოქის ტექნოლოგიები". ფართო საზოგადოებისათვის პირველადაა წარმოდგენილი ,,ოქრომრავალი კოლხეთის" რელიგიურ ცენტრში - ვანში აღმოჩენილი ძვ.წ. I საუკუნის საოქრომჭედლო ხელსაწყო - ,,კოლხური ხუფი" და საქართველოს სხვადასხვა არქეოლოგიურ ძეგლებზე ნაპოვნი ბრინჯაოსა და ოქროს სამკაულის ის ნიმუშები (ძვ. წ. II ათასწლეულის მეორე ნახევარი - ახ. წ. IV საუკუნე), რომლებიც გვიჩვენებს ქართული ტიხროვანი მინანქრის ტექნიკის ჩამოყალიბების ხანგრძლივ გზას.
ქართველი მეცნიერის ერმილე მაღრაძის ხელმძღვანელობით თავად ,,კოლხური ხუფის" ზუსტი ასლით განხორციელებული ექსპერიმენტი და მასთან დაკავშირებული მეცნიერული კვლევების შედეგები (პროექტი განხორციელდა 2013 წელს საქართველოს ეროვნული მუზეუმის მიერ UNESCO-ს მხარდაჭერით), ცხადყოფს, რომ ანტიკურ სამყაროში კოლხეთმა საკუთარი ადგილი დაიმკვიდრა არა მხოლოდ ოქროს სიმრავლით, არამედ ღრმა ცოდნაზე დაფუძნებული კოლხური ოქრომჭედლობით.
ტიმ სევერინის მიერ განცორხიელებული ექპერიმენტის გარდა, იასონის მოგზაურობის რეალობას და იმას, თუ რატომ აირჩიეს ბერძნებმა ოქროს საწმისის ქვეყნად სწორედ კოლხეთი, კოლხური ოქრომჭედლობის ფენომენის შესწავლის შედეგებიც მოწმობს.
11:30 სამეცნიერო კონფერენცია ,,არგონავტიკა და ახალი აღმოჩენები ქართულ მეცნიერებაში".
ღონისძიებებზე დასწრება თავისუფალია.
მისამართი: სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი, შოთა რუსთაველის გამზ 3.