დმანისის აღმოჩენები ჟურნალ Science–ის გარეკანზე

18 ოქტომბერი 2013
Share

2013  წლის 18 ოქტომბერს 14:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმი წარმოადგენს ახალ მეცნიერულ აღმოჩენას - მეხუთე თავის ქალა დმანისიდან.

ჟურნალი Science (მეცნიერება) 18 ოქტომბერს აქვეყნებს სამეცნიერო სტატიას სახელწოდებით ,,სრული თავის ქალა დმანისიდან და ადრეული ჰომოს ევოლუციური ბიოლოგია", რომლის ავტორები ქართველი მეცნიერები დავით ლორთქიფანიძე, აბესალომ ვეკუა და ანი მარგველაშვილი არიან. თანაავტორები კი სხვადასხვა ინსტიტუციის წარმომადგენელი უცხოელი მეცნიერები: ფილიპ რაიტმაიერი (ჰარვარდის უნივერსიტეტი), კრისტოფ ცოლიკოფერი, მარსია პონცე ლეონი (ციურიხის უნივერსიტეტი) და იოელ რაკი (თელ-ავივის უნივერსიტეტი) გახლავთ.

http://www.sciencemag.org/site/multimedia/slideshows/342.6156.297/index.xhtml 

http://www.sciencemag.org/content/342/6156/297.short 

ამერიკული გამოცემა Science მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალ რეიტინგული სამეცნიერო ჟურნალია, რომელიც ყოველკვირეულად აქვეყნებს მსოფლიო მეცნიერების მიღწევებისა და კვლევების შედეგებს. ამ ჟურნალში სტატიის გამოქვეყნება ნებისმიერი მეცნიერისათვის უდიდესი პატივია. 

დმანისის უმნიშვნელოვანეს აღმოჩენას ჟურნალი Science უკვე მესამედ უძღვნის ვრცელ სტატიას. 2000 წლის მსოფლიოს ათ უმნიშვნელოვანეს არქეოლოგიურ აღმოჩენათა შორის დმანისის პალეოანთროპოლოგიური მონაპოვარი მესამე ადგილზე იქნა დასახელებული.

Science გარეკანზე მოხვედრა  ქართული მეცნიერების მსოფლიო აღიარების დამადასტურებელია.

სტატიაში განხილული ახალი (მეხუთე) თავის ქალა, რომლის ლაბორატორიულმა დამუშავებამ და უახლესი მეთოდების გამოყენებით მეცნიერულმა კვლევამ 8 წელს გასტანა, 2005 წლის არქეოლოგიური გათხრებისას 1,8 მილიონი წლით დათარიღებულ ფენაში აღმოჩნდა. ამავე ინდივიდს მიეკუთვნება 2000 წელს აღმოჩენილი ქვედა ყბა. ამ ნამარხებს პირველად გიორგი ნიორაძე და გოჩა კილაძე შეეხნენ. ეს ნიმუში ზრდასრული ინდივიდის ერთადერთი საუკეთესოდ შემონახული თავის ქალაა.

აღნიშნული თავის ქალა პირველია, რომლის მიხედვითაც მეცნიერებს შეუძლიათ აქამდე უცნობი ადრეული ადამიანის ანატომიის შესწავლა. თავის ქალის ტვინის მოცულობა დმანისელებს შორის ყველაზე მცირეა (546 სმ3), რაც დაახლოებით თანამედროვე ადამიანის ტვინის ერთი მესამედია. მას ყველაზე მასიური, წინ წამოწეული სახე და დიდი კბილები

აქვს. დმანისის კოლექცია მეცნიერებს პირველად აძლევს საშუალებას დააკვირდნენ და შეისწავლონ 1.8 მილიონი წლის წინანდელი პოპულაცია.

კვლევამ აჩვენა, რომ ძველ პოპულაციებშიც დიდი მორფოლოგიური მრავალფეროვნებაა. სტატიაში გამოთქმულია მოსაზრება, რომ „ჰომოს" გვარის წარმომადგენლები მათ შორის აფრიკაში აღმოჩენილი უძველესი ნამარხები ევოლუციის ერთ ხაზს წარმოადგენს. ეს აიძულებს მეცნიერებს გადახედონ დამკვიდრებულ მოსაზრებებს ადრეული ჰომოს რამდენიმე სახეობის არსებობის შესახებ.

ამავე ნომერში „საიენსი"  ბეჭდავს გამოჩენილი მეცნიერების კომენტარებს, მათ შორისაა ამერიკელი მეცნიერი ტიმ უაიტი (Tim White), რომელიც აღნიშნავს „ეს განსაკუთრებული  ნამარხია, რომელიც დიდხანს იქნება მეცნიერთა ყურადრების ცენტრში".

გამოფენაზე, დმანისში აღმოჩენილ მეხუთე თავის ქალასთან ერთად, წარმოდგენილი იქნება 1,8 მილიონი წლით დათარიღებული ცხოველთა განამარხებული ნაშთები და ქვის იარაღები. ღონისძიებაზე აგრეთვე გაეცნობით დმანისის მუზეუმ-ნაკრძალის ახალ ვებ-გვერდს.  

ღონისძიება იმართება საეთაშორისო კონფერენციის  „სამხრეთ კავკასიის როლი ადამიანის ადრეულ ევოლუციასა და განსახლებაში - რეფუგიუმი, გზაჯვარედინი თუ ხანგრძლივი საცხოვრებელი ადგილი?!" ფარგლებში. კონფერენციაში მონაწილეობდა 50-მდე მეცნიერი საქართველოს, სომხეთის, გერმანიის, იტალიის, აშშ-ს, ესპანეთისა და ისრაელის სამეცნიერო დაწესებულებებიდან.

მისამართი: სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი, შოთა რუსთაველის გამზირი 3.