გამოფენა ,,ფიროსმანი 150”
დამთვალიერებელთა განსაკუთრებული ინტერესისა და თხოვნის გათვალისწინებით საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში წარმოგიდგენთ ნიკო ფიროსმანის განახლებულ ექსპოზიციას.
ექსპოზიცია „ფიროსმანი 150" წარმოდგენილია საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის ფონდებში დაცული ნიკო ფიროსმანაშვილის 103 ნამუშევარი. გამოფენა, ფიროსმანთან ერთად, დავით კაკაბაძისა და ლადო გუდიაშვილის ნამუშევრებსაც მასპინძლობს.
განახლებულ ექსპოზიციაზე დამთვალიერებელს საშუალება ეძლევა იხილოს იაკობ ნიკოლაძის ექვსი ქანდაკება. აგრეთვე, წარმოდგენილი იქნება საქართველოს ეროვნულ არქივსა და იაკობ ნიკოლაძის სახლ-მუზეუმში დაცული ხელოვანის ცხოვრების და შემოქმედების ამსახველი ფოტოები.
პირველად, ნიკო ფიროსმანის ნამუშევრებს ფართო საზოგადოება, 1913 წელს მოსკოვში გამართულ ავანგარდისტების გამოფენაზე გაეცნო. დღეს ფიროსმანი საქვეყნოდ ცნობილი მხატვარია. გასული საუკუნის დასაწყისიდან, ფიროსმანის შემოქმედება არაერთხელ იყო წარმოდგენილი ევროპისა და აზიის ქვეყნებში, მათ შორის უკრაინის, პოლონეთის, რუსეთის, უნგრეთის, ლიტვის, ბელორუსიის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, იაპონიის, ჰოლანდიის, ინგლისის, ესპანეთის, თურქეთისა და სხვა ქვეყნების დედაქალაქების საგამოფენო სივრცეებში.
აღსანიშნავია, რომ ნიკო ფიროსმანის შემოქმედების ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობის გათვალისწინებით, UNESCO-ს გენერალური კონფერენციის 36-ე სესიაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ნიკო ფიროსმანის დაბადებიდან 150 წლის იუბილე შეტანილია იმ ღონისძიებათა ნუსხაში, რომლის აღნიშვნაშიც 2012-13წწ. UNESCO მიიღებს მონაწილეობას.
მისამართი: დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა, შოთა რუსთაველის გამზირი 11.