დავით ლორთქიფანიძე აშშ-ს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრი გახდა

05 მარტი 2007 - 05 მარტი 2007

აშშ-ს საელჩო საქართველოში სიამოვნებით იუწყება, რომ პროფესორი დავით ლორთქიფანიძე, ცნობილი პალეოანთროპოლოგი და საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი, მეცნიერების განვითარებაში მისი განსაკუთრებული ღვაწლის გამო არჩეულია აშშ-ს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის (The National Academy of Science of the United States of America) უცხოელ წევრად. აშშ-ს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრობა მეცნიერისათვის უდიდესი პატივია.

72 ამერიკელი და 18 უცხოელი წევრის არჩევის შესახებ აშშ-ს მეცნიერებათა ეროვნულმა აკადემიამ განცხადება 2007 წ. 1 მაისს, 144-ე ყოველწლიურ შეხვედრაზე გააკეთა. აკადემიას ამჟამად 2025 მოქმედი წევრი ჰყავს, მათ შორის ნობელის პრემიის 200 ლაურეატი და 387 უცხოელი წევრი.

აშშ-ს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია ე.წ. ეროვნული აკადემიების ნაწილია, რომელიც ფასდაუდებელ საზოგადოებრივ საქმეს აკეთებს აკავშირებს რა ექსპერტთა ჯგუფებს მსოფლიოს ყველა კუთხიდან სხვადასხვა სამეცნიერო და ტექნიკური სიახლეების დასანერგად. ეროვნული აკადემიების სისტემაში აგრეთვე შედის საინჟინრო აკადემია, მედიცინის ინსტიტუტი და ეროვნული სამეცნიერო-კვლევითი საბჭო. ოთხივე უწყება კონსულტაციას უწევს აშშ-ს მთავრობასა და საზოგადოებას უმნიშვნელოვანეს საკითხებზე.

აშშ-ს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია დაყოფილია ექვს კლასად და 31 დისციპლინის შესაბამის სექციებად, რომლებიც სხვა დარგებთან ერთად მოიცავს ფიზიკას, მათემატიკას, ინჟინერიას, ბიომედიცინას, გარემოს დაცვას, საბუნებისმეტყველო მეცნიერების დარგებს, მათ შორის ანთროპოლოგიას. ამერიკის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრებს შეუძლიათ სამეცნიერო ჟურნალს "მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სამეცნიერო ნაშრომები" თავიანთი სტატიები წარუდგინონ დასაბეჭდად. ეს ყოველკვირეული პუბლიკაცია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უფრო ხშირად ციტირებული მულტიდისციპლინარული სამეცნიერო გამოცემაა. 1914 წლიდან დღემდე ჟურნალი აშუქებს აკადემიის საქმიანობას, აქვეყნებს უახლესი კვლევების შედეგებს, კომენტარებს, რეცენზიებსა და საკოლოქვიუმო ნაშრომებს.

აშშ-ს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, მეცნიერებისა და ინჟინრების კერძო ორგანიზაციაა, რომელიც 1863 წელს დაარსდა აშშ-ს კონგრესის მიერ შესაბამისი საკანონმდებლო აქტის მიღების შედეგად. აქტს ხელი მოაწერა პრეზიდენტმა აბრაჰამ ლინკოლნმა.