პოლონურ-ქართული თანამშრომლობის პროექტის შემაჯამებელი კონფერენცია

24 ოქტომბერი 2022 - 25 ოქტომბერი 2022
Share

2022 წლის 24-25 ოქტომბერს საქართველოს ეროვნულ მუზეუმში გაიმართა პოლონურ-ქართული თანამშრომლობის პროექტის „კულტურა საზღვრებს მიღმა“ შემაჯამებელი კონფერენცია. 

ღონისძიებას დაესწრო პოლონეთის ელჩი საქართველოში მარიუშ მაშკიევიჩი, საქართველოს მუზეუმების წარმომადგენლები და სტუმრები პოლონეთიდან.

კონფერენცია გახსნეს საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ ნიკა ახალბედაშვილმა და პოლონეთის ელჩმა საქართველოში მარიუშ მაშკიევიჩმა.

ორი დღის მანძილზე აუდიტორიის წინაშე პრეზენტაციებით წარდგნენ როგორც პოლონელი, ისე ქართველი სპეციალისტები.

საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის მოადგილემ თეონა ჯაყელმა წაკითხა მოხსენება ეროვნული მუზეუმის მასშტაბურ პროექტებზე. განიხილა პაოლო იაშვილის სახლ-მუზეუმის მუზეოგრაფიის, ელენე ახვლედიანის სახლ-მუზეუმის რეაბილიტაციის, ბუნების ისტორიის ახალი გამოფენისა და 2023 წელს ევროპალიას ფესტივალის ფარგლებში ბრიუსელში დაგეგმილი გამოფენების პროექტები.

სტანისლავ ვისპიანსკის მუზეუმის ხელმძღვანელმა დომინიკა ტრეიტმა და პროექტის „კულტურა საზღვრებს მიღმა“კოორდინატორმა კატარჟინა პავლოვსკამ დეტალურად განიხილეს პროექტის თითოეული ეტაპი და ისაუბრეს სამომავლო თანაშრომლობაზე.

მუზეუმთა ჯგუფის საგამოფენო განყოფილების სივრცის მთავარმა კურატორმა ლელა წიწუაშვილმა წაიკითხა მოხსენება „პოლონელი მხატვრები ხელოვნების მუზეუმის კოლექციაში“, სამეცნიერო-საგანმანათლებლო განყოფილების უფროსმა ასისტენტმა რუსუდან მერაბიშვილმა ისაუბრა 2021-2022 წლებში სამინისტროს ხელშეწყობით შეძენილ თანამედროვე ქართული ხელოვნების ახალ კოლექციაზე.

კრაკოვის ეროვნული მუზეუმის მართლმადიდებლური ხელოვნების განყოფილების ხელმძღვანელმა მიროსლავ კრუკმა აუდიტორიას გააცნო 2024 წელს კრაკოვში დაგეგმილი ქართული კულტურის გამოფენის კონცეფცია. გამოფენა ითვალისწინებს ქართული კულტურის განვითარების თითოეული ეტაპის წარჩენას უძველესი დროიდან მოდერნიზმის ეპოქის ჩათვლით. 

პოლონეთის ეროვნული მემკვიდრეობის ობიექტების ანალიზისა და არადესტრუქციული კვლევის ლაბორატორიის ხელმძღვანელმა ხულიო მ. დელ ოიომ, ეპისკოპოს ერაზმ ჩოლეკის სასახლის მხატვრობისა და ქანდაკების რესტავრაციის სახელოსნოს ხელმძღვანელმა მონიკა ტარნოვსკა-რეშჩინსკამ და ჩარტორისკის მუზეუმის პოლიქრომიული ქანდაკებების რესტავრაციის სახელოსნოს ხელმძღვანელმა მალგოჟატა ხმელევსკამ დამსწრეებს დეტალურად გააცნეს მათი სამუშაოების სპეციფიკა.

აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში 2021-2022 წლებში ქ. კრაკოვის სამუზეუმო ინსტიტუციებსა და სარესტავრაციო ცენტრებში პრაქტიკული კურსი გაიარა საქართველოს რამდენიმე მუზეუმის 25-მა თანამშრომელმა რესტავრაცია-კონსერვაციის, საგამოფენო, საგანამათლებლო და ადმინისტრაციული საქმიანობის მიმართულებით.

კონფერენციის მეორე დღეს პრეზენტაციებით წარდგნენ ის ქართველი რესტავრატორები და კონსერვატორები, ვინც 2022 წელს სტაჟირებით იმყოფებოდა პოლონეთში.

მუზეუმთა ჯგუფის სამეცნიერო-საგანმანათლებლო განყოფილების უფროსმა მეცნიერ-თანამშრომელმა ერმილე მაღრაძემ წაიკითხა მოხსენება თემაზე „საგანძურის ევაკუაცია და შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის წინაშე მდგარი გამოწვევები“.

აუდიტორიის წინაშე ასევე წარდგნენ როგორც მუზეუმთა ჯგუფის, ასევე თბილისის ისტორიის მუზეუმისა და საქართველოს ხელოვნების სასახლის რესტავრატორები და კონსერვატორები ანა ფავლენიშვილი, ნუცა ადეიშვილი, ეკა ტყეშელაშვილი, თეა ყველაშვილი და ნანა გოგინაშვილი.

კონფერენციის ორგანიზატორები იყვნენ საქართველოს ეროვნული მუზეუმი, პოლონეთის კულტურისა და ეროვნული მემკვიდრეობის სამინისტრო, კრაკოვის ეროვნული მუზეუმი და მუზეუმელთა ალიანსი.