საერთაშორისო კონფერენცია - "ტექნიკური და სოციალური ინოვაციები კავკასიაში: ევრაზიის სტეპებსა და უძველეს ქალაქებს შორის ძვ. IV-III ათასწლეულებში"

16 მაისი 2022 - 16 მაისი 2022
Share

16 მაისს სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის აუდიტორიაში გაიხსნა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - „ტექნიკური და სოციალური ინოვაციები კავკასიაში: ევრაზიის სტეპებსა და უძველეს ქალაქებს შორის ძვ. IV-III ათასწლეულებში" (Technical and Social Innovations in the Caucasus: between the Eurasian Steppe and the Earliest Cities in the 4th and 3rd millennia BC). კონფერენცია გახსნეს საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ, გერმანიის ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა და გერმანიის არქეოლოგიის ინსტიტუტის ევრაზიის განყოფილების დირექტორმა სვენდ ჰანსენმა.

კონფერენცია ტარდება საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და გერმანიის არქეოლოგიის ინსტიტუტის ორგანიზებითა და ევროპული სამეცნიერო საბჭოს (European Research Commission - ERC) ფინანსური მხარდაჭერით. ეს გახლავთ ერთადერთი პროექტი, რომელიც ევროპულმა სამეცნიერო საბჭომ არქეოლოგიის მიმართულებით დააფინანსა. პროექტის ფარგლებში საქართველოს ეროვნული მუზეუმის მკვლევრები სხვადასხვა ქვეყნის წამყვან სამეცნიერო ინსტიტუციებთან ერთად, 5 წლის განმავლობაში იმუშავებენ.