ჰენრიკ ჰრინევსკი სიღნაღის მუზეუმში - ეკა კიკნაძის ტური

02 ივლისი 2021 - 02 ივლისი 2021
Share

2 ივლისს, 14:00 და 16:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიღნაღის მუზეუმში ეროვნული გალერეის მმართველი, ხელოვნებათმცოდნე ეკა კიკნაძე გამართავს შემეცნებით ტურს ჰენრიკ ჰრინევსკის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ.

სიღნაღის მუზეუმში წარმოდგენილია საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში დაცული ჰენრიკ ჰრინევსკის (1869-1938) საავტორო კოლექცია და გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმში დაცული ილია ჭავჭავაძის თხზულებების პირველი (გედევანიშვილისეული) გამოცემა.

ჰენრიკ ჰრინევსკი XX საუკუნის ქართული კულტურის უმნიშვნელოვანესი წარმომადგენელია. იგი იყო ილია ჭავჭავაძის თხზულებების პირველი ილუსტრატორი, თბილისის არქიტექტურის გამორჩეული ძეგლის - ეროვნული ბიბლიოთეკის I კორპუსის პროექტის თანაავტორი (ანატოლი კალგინთან ერთად) და შენობის ფასადის და ინტერიერის დეკორირების ავტორი, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ერთი-ერთი დამფუძნებელი, არქიტექტორთა და აკვარელისტთა პირველი თაობის პედაგოგი, შუა საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი პირველი სპეციალისტი. მის მიერ სხვადასხვა ექსპედიციის ფარგლებში შესრულებულ ქართული ძეგლების ჩანახატებს, მხატვრულ ღირებულებასთან ერთად, დღეს, უდიდესი დოკუმენტური ღირებულება აქვთ და წარმოადგენენ შეუცვლელ მასალას ქართული ხუროთმოძღვრების მკვლევართათვის.

ჰენრიკ ჰრინევსკი მათ შორისაა, ვინც XX საუკუნის დასაწყისიდან ქვეყანაში სახელოვნებო დარგების დაფუძნებასა და მათ განვითარებას, სახელოვნებო სწავლების თანამედროვე სტანდარტის დამკვიდრებას, ქართული ხელოვნებისთვის ახალი სიცოცხლის მინიჭებას და მის ევროპეიზაციას დაუდო საფუძველი. იგი სტალინური რეპრესიების მსხვერპლი გახდა. წარმოშობით პოლონელი მხატვარი, საბჭოთა კავშირის მასშტაბით ეთნიკური ნიშნით წარმოებული „პოლონური ოპერაციის“ ფარგლებში დააპატიმრეს და დახვრიტეს 1938 წლის 4 მარტს.

ჰენრიკ ჰრინევსკის გამოფენა სიღნაღის მუზეუმში 31 აგვისტომდე გაგრძელდება.

ვრცლად გამოფენის შესახებ.

კურატორის ტურზე დასწრება და გამოფენის დათვალიერება ყველა მსურველისთვის თავისუფალია!

მისამართი: სიღნაღი, შოთა რუსთაველის ჩიხი 8.