საგანმანათლებლო პროგრამები

29 სექტემბერი 2011
Share

2011 წლის 29 სექტემბერს 12.00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის საგანმანათლებლო ცენტრი ეროვნულ გალერეაში წარმოგიდგენთ საგანმანათლებლო პროგრამების პრეზენტაციას.

პროგრამები უკავშირდება განახლებულ ეროვნულ გალერეაში წარმოდგენილ ქართული სახვითი ხელოვნების საგანძურის გამოფენას “მე-20 საუკუნის შედევრები”.  

სრულიად ახალ, თანამედროვე სივრცეში სკოლის მოსწავლეებს ჩაუტარდებათ პრეზენტაციები, სადაც ისინი დაწვრილებით გაეცნობიან გალერეაში წარმოდგენილ მხატვრებს, მათ ისტორიებს და ზოგადად, შთაბეჭდილება შეექმნებათ ქართული ფერწერის შესახებ. თეორიული ინფორმაციის პარალელურად მონაწილეებს საშუალება ექნებათ მრავალფეროვანი აქტივობებით უკეთ აღიქვან და დაიმახსოვრონ ისეთ ფერმწერთა ნამუშევრები, როგორებიც არიან: ნ.ფიროსმანი, დ.კაკაბაძე, ე.ახვლედიანი, ლ. გუდიაშვილი, გ. გაბაშვილი და ა.შ.

საგანმანათლებლო ტურებს (პრეზენტაციებს) ჩაატარებენ ხელოვნებათმცოდნე მაგისტრანტები, თბილისის წამყვანი უნივერსიტეტებიდან.

გალერეაში ვიზიტის შემდეგ მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ მონაწილეობა მიიღონ ხატვის ფესტივალში სახელწოდებით “მე _ მხატვარი”, რომელიც 15 ოქტომბერს ეროვნული გალერეის მიმდებარე ტერიტორიაზე _ 9 აპრილის ბაღში გაიმართება. პროექტი ხორციელდება საქართველოს ეროვნული მუზეუმის, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, თბილისის მერიისა და ე. ახვლედიანის სახელობის ბავშვთა გალერეის მხარდაჭერით.

მონაწილეები ეროვნულ გალერეაში წარმოდგენილი ექსპოზიციის საფუძველზე, ერთი თემის ირგვლივ _ “ჩემი რჩეული ნამუშევარი”, გამოხატავენ თავის შთაბეჭდილებას. ბავშვებს შეეძლებათ სურვილისამებრ აირჩიონ სხვადასხვა აქტივობები: პანოს ხატვა, ინსტალაციაზე მუშაობა, კოლაჟი და თავისუფალი თემა. მათი ნამუშევრები მეორე დღეს ე. ახვლედიანის სახელობის ბავშვთა გალერეაში გამოიფინება. 

პროგრამის “მე _ მხატვარი” მხარდამჭერია კომპანია “ნატახტარი”.

პროგრამებში მონაწილეობისთვის გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია: 

საქართველოს ეროვნული მუზეუმის საგანმანათლებლო ცენტრი 

ტელ.: 2 15 73 05 (შიდა ნომერი - 104)

ელექტრონული მისამართი: edu.programmes@gmail.com

მისამართი: ეროვნული გალერეა, რუსთაველის გამზირი №#11.