კატალოგი "თბილისის ისტორიის მუზეუმის 100 წლის ისტორია"
2013 წლის 25 დეკემბერს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში გაიმართა კულტურის სამინისტროსა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის ერთობლივი კატალოგის "თბილისის ისტორიის მუზეუმის 100 წლის ისტორია" პრეზენტაცია.
არსებობის 100 წლის მანძილზე მუზეუმი არაერთი საინტერესო და მნიშვნელოვანი ფაქტის მომსწრე გახდა. ფართო საზოგადოებისათვის საინტერესოა როგორც თავად ისტორიული ქრვასლის შენობის, ასევე აქ დაცული კოლექციების შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიღება. პროექტის ხელმძღვანელი გახლავთ ისტორიკოსი მედეა თავაძე, რომელმაც მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომლებთან ერთად კარგად გააზრებული კონცეფციის ფარგლებში წარმოაჩინა დედაქალაქის მთავარ მუზეუმში დაცული კოლექციების სრული სპექტრი.
1910 წელს ზუბალაშვილების უპოვართა სახლში გახსნილმა თბილისის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმმა 100 წლოვანი ისტორიის მანძილზე სხვადასხვა სივრცე გამოიცვალა და საბოლოოდ ქარვასლის შენობაში დაიდო ბინა.
ი. გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმის ფონდებში დაცულია თბილისის ისტორიისა და კულტურის ამსახველი 50 000-მეტი უმნიშვნელოვანესი ექსპონატი ენეოლითიდან დღევანდელ დღემდე. ქარვასლაში სულ 10 ფონდია: არქეოლოგიის, სახვითი ხელოვნების, ძვირფასი ლითონების (ვერცხლი), იარაღის, ფოტო ნეგატივების, საარქივო დოკუმენტების (რუკები, გეგმები, აფისები პროგრამები), ქსოვილების (ტყავი, ბეწვეული, ხალიჩები, ტანისამოსი, აქსესუარები), ხის (ავეჯი, საყოფაცხოვრებო ნივთები), საოჯახო ნივთების (სპილენძი, კერამიკა, ფაიფური, მინა) და ნუმიზმატიკის (სპრაგისტიკა, ფალერისტიკა).
გეოპოლიტიკურად და კულტურულად უმნიშვნელოვანესი ქალაქის, თბილისის ისტორია თითქმის სრულად გახლავთ თავმოყრილი თბილისის ისტორიის მუზეუმში. თავად მუზეუმი კი 2005 წლიდან საქართველოს ეროვნული მუზეუმის შემადგენლობაშია.
თბილისის ისტორიის მუზეუმი მიეკუთვნება იმ იშვიათ მუზეუმთა რიცხვს, როდესაც უძრავი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლში განთავსებულია მოძრავი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები... აქ წარსული ორგანულად ეხმიანება თანამედროვეობას, ხოლო გარემო და ისტორიული სივრცე განსაკუთრებულ მნიშვნელობასა და დანიშნულებას მატებს დედაქალაქის მთავარ მუზეუმს.