ხალხური რეწვის გაკვეთილების დასკვნითი გამოფენა

24 ნოემბერი 2013 - 24 ნოემბერი 2013
Share

საქართველოს ეროვნული მუზეუმის გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმი  2013 წლის 24 ნოემბერს 13:00 საათზე წარმოგიდგენთ ხალხური რეწვის გაკვეთილების დასკვნით ვორკშოპს და  მონაწილეების მიერ  3 თვის განმავლობაში შექმნილი ფარდაგების, წინდების, ხის ნაკეთობების, მუზეუმის ღუმელში გამომწვარი თიხისა და სხვა ნიმუშების გამოფენას.

2013 წლის აგვისტოდან ნოემბრის ჩათვლით ეთნოგრაფიული მუზეუმი ყოველ შაბათ–კვირას ხალხური რეწვის გაკვეთილებზე, ყველა ასაკისა და პროფესიის, ვიზიტორებს უფასოდ მასპინძლობდა. მონაწილეებს საშუალება მიეცათ გასცნობოდნენ ტრადიციული ხელსაქმის ოსტატებს და მათი დახმარებით აეთვისებინათ ხელობის სხვადასხვა დარგი: მეთუნეობა, დაზგური და ჩხირებით ქსოვა, ტილოზე ნემსით ქარგვა, ხეზე კვეთა, ტრადიციული მჭედლობა და სხვ.

პროგრამის მიზანი საქართველოში ხალხური რეწვის ცოცხალი ტრადიციების აღდგენა და შენარჩუნებაა.

საქართველოს ეროვნული მუზეუმი 2014 წლის გაზაფხულიდან კვლავ განაახლებს ხალხური რეწვის გაკვეთილებს და საშუალებას მისცემს ნებისმიერ მსურველს პროფესიონალების დახმარებით აითვისონ ხალხური ტრადიციული ხელობა.

მისამართი: გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმი ღია ცის ქვეშ, კუს ტბის ასახვევი 1.