ქართული არქეოლოგიური მისია ქუვეითში
პარასკევს, 4 ოქტომბერს 12:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში გიწვევთ პრეზენტაციაზე "ქართული არქეოლოგიური მისია ქუვეითში". პრეზენტაციას საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი დავით ლორთქიფანიძე ქუვეითელ პარტნიორებთან და მუზეუმის მეცნიერთა გუნდთან ერთად წარუძღვება.
2010 წელს საქართველოს ეროვნულ მუზეუმსა და ქუვეითის კულტურისა და ხელოვნების ეროვნულ საბჭოს შორის გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი. 2011 წელს კუნძულ ფაილაკაზე პირველი ქართული მისია გაემგზავრა. გაითხარა ბრინჯაოს ხანის ყორღანი და მისი მიმდებარე ტერიტორია. არქეოლოგიური გათხრების პარალელურად ჩატარდა ტერიტორიის მცირემასშტაბიანი კვლევა.
2012 წელს შესწავლილ იქნა არქიტექტურული კონსტრუქციები, კერამიკის ფრაგმენტები და არქეოლოგიურ ძეგლზე აღმოჩენილი სხვა ნივთები, რომელთა უმეტესობა ადრებრინჯაოს და შუაბრინჯაოს ხანით თარიღდება. ამავე დროს, გრძელდებოდა შემოგარენის კვლევა და გათხრილი ძეგლების ნაწილობრივი კონსერვაცია.
მიმდინარე წელს გაგრძელდა გასულ წელს გამოვლენილი ქურების კომპლექსის შესწავლა. გაითხარა სამი ქურა და მათთან დაკავშირებული კონსტრუქციები, რომლებიც სავარაუდოდ ძვ.წ. I ათასწლეულის პირველი ნახევრით თარიღდება. დაიწყო ისლამური პერიოდის საცხოვრებელი კომპლექსის შესწავლა. დაზვერვითი სამუშაოების შედეგად გამოვლინდა რამდენიმე ათეული ახალი არქეოლოგიური ობიექტი, სხვადასხვა პერიოდის ქვის კონსტრუქციები. ქუვეითის კონტინენტურ ნაწილში ას საბიას მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდა დაზვერვითი სამუშაოები, სადაც გამოვლენილია ბრინჯაოს ხანის ობიექტები.
2013 წლიდან არქეოლოგიურ ჯგუფს საქართველოს ეროვნული მუზეუმის არქიტექტურული გუნდიც შეუერთდა, რომლის წევრებიც სამუზეუმო კომპლექსის პროექტის შექმნაში მონაწილეობენ. ქვეყნის დედაქალაქში მდებარე სასახლე "დივანიეს" ფიქსაცია-კონსერვაციისა და მომავალში მისი რესტავრაციისათვის მოხდა სასახლის 3D სკანირება, შეიქმნა სასახლის ზუსტი მეცნიერული 3D მოდელი. აღნიშნულ სასახლეზე სამუშაოების დასრულების შემდეგ ქართულ-ქუვეითური საერთაშორისო გუნდი "ალ ყასრის" სასახლის აღდგენისათვის საჭირო არქიტექტურული სამუშაოების დაწყებას გეგმავს.
მისამართი: საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორია, ფურცელაძის ქუჩა 1.