საქართველოს ეროვნული მუზეუმის ისლამური ხელოვნების კოლექციების შექმნის ისტორიიდან
საქართველოს ეროვნული მუზეუმის ისლამური ხელოვნების კოლექციების ისტორიული და მხატვრული ფასეულობა ძალზე მაღალია, ხოლო ქრონოლოგიური და გეოგრაფიული სპექტრი ფართო. ეროვნული მუზეუმის რეორგანიზაციის გამო უმრავლესი კოლექციები სამუზეუმო ფონდებშია დაცული და მათი მხოლოდ მცირე ნაწილია გამოფენილი ხელოვნების მუზეუმის საექსპოზიციო დარბაზებში.
საქართველოში აღმოსავლური ექსპონატებისადმი ინტერესი აღინიშნება კავკასიაში პირველი სამუზეუმო ორგანიზაციების ჩასახვის პერიოდიდან XIX ს.-ის შუა წლებიდან. მრავალრიცხოვანი ექსპედიციისა და მოგზაურობის დროს ჯერ კიდევ კავკასიის მუზეუმის თანამშრომლები მისი დირექტორის გუსტავ რადეს თაოსნობით ხშირად ყიდულობდნენ ისლამურ ნივთებს, რომლებიც ამ მუზეუმის საექსპოზიციო დარბაზებს ამშვენებდა. ისლამური ხელოვნების სტილი და ცალკეული დეკორატიული მოტივები ფართოდ გამოიყენებოდა კავკასიის მუზეუმის პირველი საექსპოზიციო დარბაზების გაფორმებისას.
ექსპედიციებისა და მოგზაურობების გარდა მუზეუმში ექსპონატები შემოდიოდა კერძო შემოწირულობების სახითაც ცნობილი ადგილობრივი და უცხოელი მეცნიერებისაგან, პოლიტიკოსებისა თუ დიდგვაროვნებისაგან (ბაგრატიონების სამეფო ოჯახის წევრები, ვორონცოვი, კაზნაკოვი, ზელ-ალ სალტან და სხვანი).
ისლამური ხელოვნების ნიმუშებს XIX ს-ის მეცნიერები და საზოგადო მოღვაწეები გადასცემდნენ მრავალ სამუზეუმო და საგამნანათლებლო დაწესებულებას (წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საისტორიო –სათნოგრაფიო საზოგადოება). ამ კოლექციათაგან ცალკე აღნიშვნის ღირსია ცნობილი ქართველი ფოტოგრაფისა და საზოგადო მოღვაწის ალექსანდრე როინაშვილის (1846-1898) მიერ შემოწირული კოლექცია, რომელშიც ისლამური ლითონისა და ფაიფურის სრულიად უნიკალური ექსპონატებია დაცული. ზემოთაღნიშნული სამუზეუმო-საგანმანათლებლო დაწესებულებების ლიკვიდაციის შემდეგ ისლამური ხელოვნების კოლექციები გადანაწილდა ხელოვნებისა და ისტორიის (ყოფილი კავკასიის მუზეუმი) მუზეუმებს შორის.
ისლამური კოლექციების პოპულარიზაციის თვალსაზრისით განსაკუთრებით საინტერესოა საქართველოს ეროვნული გალერეის მოღვაწეობა (დაარსდა 1920 წელს მხატვარ დიმიტრი შევარდნაძის თაოსნობით). გალერეის გახსნის პირველი დღიდან, აღმოსავლურ ფერწერას ცალკე ფლიგელი ჰქონდა დათმობილი, სადაც გამოფენილი იყო კავკასიის მუზეუმიდან გადმოცემული ყაჯარული ფერწერის ბრწყინვალე კოლექცია. ასევე აღსანიშნავია 1932 წელს ფირდოუსის დაბადებიდან 1000 წლისათვისადმი მიძღვნილი დროებითი გამოფენა, რომელზეც პირველად გამოიფინა ისლამური ხელოვნების სამუზეუმო კოლექციების მნიშვნელოვანი ნაწილი.
1954 წელს ხელოვნების მუზეუმში პირველად გაიხსნა ცალკე აღმოსავლური ხელოვნების განყოფილება, რომლის საექსპოზიციო დარბაზებში შორეული და ახლო აღმოსავლეთის ხელოვნების ექსპონატებთან ერთად ისლამური კულტურის ძეგლებიც გამოფინა (3 დარბაზი). ამ ექსპოზიცის მომზადებასა და ისლამური კოლექცების კვლევის საქმეში უდიდესი წვლილი შეიტანა ხელოვნების მუზეუმის იმდროინდელმა დირექტორმა აკადემიკოსმა შალვა ამირანაშვილმა, რომელსაც ეკუთვნის მსოფლიოში პირველი სამეცნიერო ნაშრომები გვიანირანული (ე.წ. ყაჯარული) ფერწერისა და მინიატურის შესახებ.
1990 - იანი წლებიდან აღმოსავლური ხელოვნების განყოფილებას შვიდი საექსპოზიციო დარბაზი დაეთმო, რომელთაგან ხუთში ისლამური ხელოვნების ნიმუშებია განთავსებული.