ადამიანის ევოლუციის ამსახველი ციფრული პლატფორმის პრეზენტაცია

05 ივნისი 2019 - 31 ოქტომბერი 2019
Share

5 ივნისს, 13:00 საათზე, დმანისის მუზეუმში სეზონის გახსნა და ადამიანის ევოლუციის ამსახველი ციფრული პლატფორმის პირველი ეტაპის პრეზენტაცია შედგა, რომელიც ეროვნული მუზეუმისა და  ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის თანამშრომლობის ფარგლებში შეიქმნა.

სილიკონ ველი თბილისის სპეციალისტებმა, საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან პარტნიორობით, დმანისის მუზეუმში არსებული არტეფაქტების 3D მოდელების რეალურ გარემოში ინტეგრაცია დაიწყეს. არტეფაქტების პირვანდელი მდებარეობების შესაბამისად, ერთიანი ვიზუალიზაცია უპრეცედენტოა საქართველოს სამუზეუმო სივრცისთვის და დამთვალიერებელს მუზეუმში ვიზიტისას სრულიად ახალ, განსხვავებულ გამოცდილებას სთავაზობს.

დმანისის მუზეუმში მისულ დამთვალიერებელს საშუალება ექნება შექმნილი აპლიკაციის გამოყენებით, იხილოს მისთვის საინტერესო ნიმუშის ტექნოლოგიებთან ადაპტირებული ვერსია, აგრეთვე, გაეცნოს ექსპონატის შესახებ დეტალურ ინფორმაციას ციფრული გიდის გამოყენებით.

პროექტის განხორციელება რამდენიმე ეტაპს მოიცავს. პირველ ეტაპზე, დმანისის მუზეუმის დამთვალიერებელი ვირტუალურ და გაფართოებულ რეალობაში წარმოდგენილ უძველესი ადამიანის ნაშთებს - ზეზვას და მზიას ნიმუშებს იხილავს.