კონკურსი - „თანამედროვე ხელოვნების რუკა“ (Contemporary Art Map)

28 აპრილი 2017 - 28 მაისი 2017
Share

საქართველოს ეროვნული მუზეუმი პროექტის „თანამედროვე ხელოვნების გალერეა" ფარგლებში აცხადებს კონკურსს

„თანამედროვე ხელოვნების რუკა" (Contemporary Art Map)


პროექტი განსაზღვრულია სასკოლო ასაკის ბავშვებისათვის (პირველი ჯგუფის ასაკი 6-დან 10 წლამდე, მეორე ჯგუფის ასაკი 11-დან 15 წლამდე)

კონკურსის მიზანი:

სასკოლო ასაკის ბავშვებისათვის 1-2 საათიანი პროგრამის შექმნა, რომელიც საშუალებას მისცემს მონაწილეებს ინტერაქტიულ ფორმატში გაეცნონ თანამედროვე ხელოვნების სფეროს.

პროგრამა იძლევა საშუალებას, გაიზარდოს ინფორმაციის დონე თანამედროვე ხელოვნების შესახებ, იმ სამიზნე ჯგუფებში, სადაც ამ თემაზე დღეს ზედაპირული ინფორმაციაა მხოლოდ სარეკლამო და ინფორმაციული წყაროებიდან.

ეს პროგრამა საშუალებას აძლევს მონაწილეებს გაეცნონ თანამედროვე ქართველ და უცხოელ ხელოვანებს, მათ შემოქმედებას, ტენდენციებს. რუკა პირობითია. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ქართველ ხელოვანებს, კურატორებს საგანმანათლებლო სფეროს მენეჯერებს, ინიციატორებს.

კონკურის პირობები :

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოში რეგისტრირებულ ორგანიზაციებს (ა(ა)იპ, შპს, ინდ. მეწარმე).

კონკურსში გამარჯვებული პროექტისათვის განსაზღვრულია 10,000 ლარი (ყველა გადასახადის გათვალისწინებით).

კონკურსის ფარგლებში წარმოდგენილი პროექტი შესაძლებელია ელექტრონული რუკის ან სხვა რაიმე ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით იყოს შესრულებული.

შესრულებული პროექტის ფორმა უნდა იყოს ადვილად გამოყენებადი პირველ რიგში სასკოლო ასაკის ბავშვებისათვის, თუმცა მისი ინტერაქტიული კომპონენტი შესაძლებელია სხვა ასაკის ჯგუფებზეც იყოს გათვალისწინებული.

კონკურსში გამარჯვებული ვალდებულია განახორციელოს პროგრამა „თანამედროვე ხელოვნების გალერეის" ტერიტორიაზე მინიმუმ 4-ჯერ 2017 წლის 1 ოქტომბრიდან 10 დეკემბრამდე.

„თანამედროვე ხელოვნების რუკა" უნდა იყოს მკაფიო კონცეფციის მატარებელი, რომელიც გარდა თეორიული ცოდნისა, აგრეთვე პრაქტიკული შედეგის მომტანი იქნება. იგი უნდა იყოს ინტერაქტიული და საინფორმაციო. განაცხადის ავტორი თავად განსაზღვრავს სამიზნე ჯგუფებს.

შედეგი უნდა იყოს რეალიზებადი და განვითარებადი (მაგალითად, შესაძლებელია „რუკაზე" დატანილი პირველადი ინფორმაცია იყოს განახლებადი და მზარდი, რაც პროექტის გრძელვადიან შედეგზე მეტყველებს და მისი მომდევნო განვითარების საშუალებას იძლევა).

კონკურსის ვადები:

კონკურსის ფარგლებში განაცხადების მიღება შესაძლებელია 2017 წლის 28 აპრილიდან  - 28 მაისამდე;

კონკურსში გამარჯვებული პროექტი გამოვლინდება 2017 წლის 29 მაისამდე.

 კონკურსში მონაწილეობისათვის წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • პროექტის კონცეფცია (მაქსიმუმ 1 გვერდი)
  • პროექტის ტექნიკური აღწერა და განხორციელების პრინციპი, მეთოდოლოგია (მაქსიმუმ 2 გვერდი)
  • ვიზუალიზაცია (ანალოგების, ჩანახატების სახით)
  • შესრულების განრიგი
  • დეტალური ხარჯთაღრიცხვა

განცხადების მიღება:

  • კონკურსის ფარგლებში წარმოდგენილი ყველა დოკუმენტი უნდა იყოს გაერთიანებული ერთ PDF ფორმატში, სახელწოდებაში „сontemporaryartmap" მითითებით.
  • არასრული დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში პროექტი არ მიიღება განსახილველად.
  • ყველა საჭირო დოკუმენტაცია 2017 წლის 28 მაისამდე უნდა გადმოიგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: thmcag@gmail.com
  • ელექტრონულ მისამართზე დადასტურების მიღების გარეშე, თქვენი განაცხადი არ ჩაითვლება მიღებულად.
  • 2017 წლის 28 მაისის შემდეგ გამოგზავნილი განაცხადები არ მიიღება განსახილველად.
  • კონკურსში შემოსულ პროექტებს განიხილავს მოწვეულ ექსპერტთა კომისია.

პროგრამის კურატორი: ქეთევან ტრაპაიძე - 599 232 141

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით: 2 92 32 27 - თბილისის ისტორიის მუზეუმი.

 

* კონკურსი არ ითვალისწინებს მის ფარგლებში მატერიალური აქტივების შეძენას. ასევე, არ გულისხმობს გაუთვალისწინებელ ხარჯებს.

** კონკურსის ფარგლებში შესაძლებელია შემდეგი ტიპის საბიუჯეტო ხარჯების მოთხოვნა: ჰონორარები (საშემოსავლო გადასახადის გათვალისწინებით), მომზადებისათვის საჭირო მასალები, ტექნიკური მომსახურება, ბეჭდვა.

საგამოფენო დარბაზის გეგმა