მუზეუმის კვირეული: საგანმანათლებლო პროგრამები ეთნოგრაფიულ მუზეუმში

20 მაისი 2017 - 20 მაისი 2017
Share

2017 წლის 20 მაისს, 10:30 საათიდან, მუზეუმის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საქართველოს ეროვნული მუზეუმის კვირეულის ფარგლებში, გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიულ მუზეუმში გიწვევთ შემეცნებით-საგანმანათლებლო პროგრამებზე.

მუზეუმის ყველა დამთვალიერებელს მთელი დღის მანძილზე საშუალება ექნება ჩაერთოს სხვადასხვა სახალისო-საგანმანათლებლო აქტივობებში: 

▶️ 10:30 საათი - საუბრები ეკოლოგიაზე 
ბუნების მოვლა რთული და საპასუხისმგებლო მოვალეობაა ჩვენი საზოგადოების თითოეული წევრისათვის. ქვეყნის მომავლისათვის ზრუნვა არა მხოლოდ მისი კულტურისა და ისტორიის შესწავლაა, არამედ სამოქალაქო აზროვნებისა და ცნობიერების ამაღლება. მოდით ვისაუბროთ ეკოლოგიურ პრობლემებზე და ერთად ვიფიქროთ, თუ როგორ გავუფრთხილდეთ და დავიცვათ ჩვენი გარემო.

▶️ 11:30 საათი - დოკუმენტური ფილმი ეთნოგრაფიაზე

▶️ 13:00 საათი - უძველესი ადამიანი და მისი იარაღები 
სცადეთ წარმოიდგინოთ - როგორ ცხოვრობდნენ პირველყოფილი ადამიანები, როგორ ირჩენდნენ თავს, როგორ იარაღს იყენებდნენ თავიანთ საქმიანობაში, საიდან მოჰქონდათ ეს იარაღები, როგორ ამზადებდნენ მათ. 

ჩვენი მეცნიერები დაგვეხმარებიან ამ სურათების გაცოცხლებაში და საშუალებას მოგცემენ თავად სცადოთ ქვის იარაღის დამზადება. პროგრამა საინტერესოა პრეისტორიაში და მომიჯნავე სფეროებში მომუშავე სპეციალისტებისთვისაც. 

▶️ 13:00 საათი - სახალისო არქეოლოგია 
არქეოლოგიური გათხრების იმიტაცია სპეციალურად მოწყობილ მოედანზე მიმდინარეობს. არქეოლოგია რომანტიკული და საიდუმლოებით მოცული პროფესიაა, მაგრამ, ამავე დროს, დიდ შრომასა და გამოცდილებას მოითხოვს. სწორედ ყოველივე ამის დემონსტრირება ხდება ჩვენს პროგრამაში. როგორ აღადგენს ისტორიულ მოვლენებს არქეოლოგი? - ამ კითხვას მოზარდები თვითონ უპასუხებენ პროგრამაში მონაწილეობის შემდეგ.

▶️ 13:00 საათი - ხალხური რეწვის გაკვეთილები 
პროგრამის მიზანია საქართველოში ხალხური რეწვის ცოცხალი ტრადიციების შენარჩუნება. საერთო გლობალიზაციის ფონზე ხალხური რეწვა, როგორც ქვეყნის კულტურის განუყოფელი ნაწილი და მისი თვითმყოფადობის, ესთეტიკის გამოხატულება, სულ უფრო აქტუალური ხდება.

ხალხური რეწვის გაკვეთილების მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცემათ გაიცნონ ტრადიციული ხელსაქმის ოსტატები, დახელოვდნენ და აითვისონ ხალხური ხელობის სხვადასხვა დარგები: მეთუნეობა, დაზგური და ჩხირებით ქსოვა, ტილოზე ნემსით ქარგვა, ხეზე კვეთა, ტრადიციული მჭედლობა და სხვა.

▶️ 15:00 საათი - ეთნოგრაფიული და პრეისტორიული თამაშები 

პროგრამებზე დასწრება თავისუფალია! 

*რეგისტრაციისთვის დაგვიკავშირდით: ორშაბათი-პარასკევი 11:00-დან 17:00 საათამდე
2 93 16 52 - მუზეუმის საგანმანათლებლო ცენტრი 

მისამართი: გ. ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმი ღია ცის ქვეშ, კუს ტბის ასახვევი 1