წიგნი-ალბომი „კირილე ზდანევიჩი (1892-1969). ცხოვრება და შემოქმედება

წელი: 2018
პუბლიკაციის ტიპი: სამეცნიერო ნაშრომები
აღწერა:

წიგნი-ალბომი  „კირილე ზდანევიჩი (1892-1969). ცხოვრება და შემოქმედება"
წიგნის კონცეფციის ავტორი: ნანა შერვაშიძე

 

საქართველოს ეროვნული მუზეუმის, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და თბილისის მერიის ერთობლივი პროექტით გამოცემული წიგნი „კირილე ზდანევიჩი (1892-1969). ცხოვრება და შემოქმედება" (315 გვერდი. ავტორთა და საარქივო დოკუმენტაციის ტექსტები ქართულ, ინგლისურ, რუსულ და ფრანგულ ენებზე, 400-ზე მეტი ფერადი და შავ-თეთრი ილუსტრაცია. გამომცემლობა „ფავორიტი". 2019), პოლონურ-ქართული წარმოშობის მხატვრისა და ლიტერატორის კირილე ზდანევიჩის ცხოვრებისა და შემოქმედების პირველ პროფესიულ კვლევას წარმოადგენს.

 

პეტერბურგისა და მოსკოვის ავანგარდული მხატვრული დაჯგუფებების აქტიური წევრის, მიხეილ ლარიონოვის თანამოაზრისა და ნოვატორი მხატვრის, მოსკოვის ავანგარდული ხელოვნების ლეგენდარული გამოფენების მონაწილის, კირილე ზდანევიჩის მრავალმხრივი შემოქმედება ქართული მოდერნისტული ხელოვნების ერთ-ერთი განმსაზღვრელი მოვლენაა.

 

მოდერნისტული ხელოვნების ინტერნაციონალური ხასიათი განაპირობებს კირილე ზდანევიჩის შემოქმედების მრავალსახოვნებასა და სინთეზურობას, ხელოვნების ნაწარმოებთა მრავალშრიანობას, რომელსაც სხვადასხვა კულტურული ტრადიციების, რემინესცენციებისა და რეფლექსიების ერთობლიობა განაპირობებს. ტექსტების ავტორებად მიზანმიმართულად არიან შერჩეულნი სხვადასხვა ქვეყნის სპეციალისტები, რომლებსაც ზოგადად, ავანგარდული/მოდერნისტული და, კონკრეტულად კი ქართული მოდერნიზმის კვლევის სფეროში დიდი გამოცდილება გააჩნიათ. მათი საშუალებით სრული სიღრმითა და სიცხადითაა წარმოჩენილი კირილე ზდანევიჩის შემოქმედების მხატვრული ენისა და მეთოდის სპეციფიკა. ქართველ და უცხოელ მკვლევართა (ანდრეი სარაბიანოვი-რუსეთი; რეჟის გეირო - საფრანგეთი; ირინა ძუცოვა - საფრანგეთი; ნანა შერვაშიძე, ნანა ყიფიანი, თეა ტაბატაძე, ქეთევან კინწურაშვილი, თამარ ბელაშვილი, ნანა გოგელია, ნონა ხარატიშვილი) ტექსტები შეეხება ამ მრავალმხრივი შემოქმედის მოღვაწეობის ყველა ასპექტს - ფერწერას, გრაფიკას, მონუმენტურსა და თეატრალურ-დეკორაციულ ხელოვნებას.

 

წიგნში მხატვრის ნამუშევრებთან ერთად ჩართულია საარქივო მასალა: მხატვრის დღიურები, პირადი წერილები და მოგონებანი.

 

საქართველოს მუზეუმებსა და კერძო კოლექციებში დაცული ნამუშევრების გვერდით წიგნში პირველადაა რეპროდუცირებული რუსეთის ლიტერატურისა და ხელოვნების სახელმწიფო არქივში, მოსკოვის ტრეტიაკოვის გალერეაში, პეტერბურგის რუსულ მუზეუმსა და პარიზის ჟორჟ პომპიდუს სახელობის თანამედროვე ხელოვნების ცენტრის ფონდებსა და კერძო კოლექციებში დაცული ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები.

 

 

 

 

 

დოკუმენტი: კირილე ზდანევიჩი_სარჩევი