ილუსტრაციები საბავშვო გამოცემებში

წელი: 2018
პუბლიკაციის ტიპი: საგანმანათლებლო/პოპულარული
აღწერა:

რამდენიმე ხნის წინ საქართველოს ეროვნული მუზეუმის ვებგვერდზე დაიდო ხელოვნების მუზეუმის ბიბლიოთეკის ფონდში არსებული ინგლისურენოვანი გამოცემების პირველი კატალოგი, რომელიც საგრძნობლად გაუიოლებს მკვლევართ მათთვის საჭირო მასალის მოძიებას. ამჟამად კი ჩემი ყურადღება მიიპყრო ფონდში არსებულმა საბავშვო წიგნების მშვენიერმა ილუსტრაციებმა, რომელთა შორის ბევრი ცნობილი მხატვრის ნამუშევრებიცაა. ისინი თბილ ტალღას წააგავს, საამოდ რომ გვესალბუნება მივიწყებული ბავშვობის ფრთებით და, ამასთანავე, იმ დაფარულსაც დაგვანახებს, რაც მხატვარმა თავის დროზე დაავანა მათში და რომელთა ამოკითხვაც მხოლოდ მოწიფულ ასაკშია შესაძლებელი.

 

ბავშვებისათვის შექმნილი ყოველივე პასუხსაგები და უმნიშვნელოვანესი, უმშვენიერესიც უნდა იყოს უცილობლად. ნახატით წარმოდგენილი შინაარსი უფრო ახლოსაა პატარისთვის, ვიდრე ტექსტი. მათ ყოველთვის ამახსოვრდებათ და, რაც მთავარია, აინტერესებთ, როგორ გამოიყურება ესა თუ ის პერსონაჟი, როგორ ვითარდება ამბავი ილუსტრაციებში, რომელთა შემქმნელ მხატვარსაც ყოველთვის შეუძლია გამოხატოს საკუთარი დამოკიდებულება მოთხრობილი ამბის მიმართ. ამიტომაცაა ყურადსაღები მხატვრის როლი ბავშვების მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაში, თუმცაღა, ხელოვანს დიდი ძალისხმევა სჭირდება, ყოველივე ეს ტექსტსაც შეუსაბამოს. ამოსავალი წერტილი კი სიკეთეა, ყველგან ნაჩვენები სიკეთე - ფერშიც, სტილშიც, ქვეცნობიერშიც.

 

20-იან წლებამდე არცთუ ბევრი საბავშვო მხატვარ-ილუსტრატორი იყო ცნობილი საზოგადოებისთვის (გრ. ტატიშვილი, ო. შმერლინგი, ა. მრევლიშვილი, შ. ქიქოძე როფეს.). დღეისათვის კი პროფესსიონალ საბავშვო მხატვართა რიცხვი უკვე მრავალ ათეულს ითვლის. ერთი შეხედვით, საბავშვო წიგნის გაფორმება თითქოს იოლია, თუმცა, თუ გავიაზრებთ, რომ ეს ნახატები პატარის თვალს კი არ ახარებს მხოლოდ, ქვეცნობიერად მისი სულის აღმზრდელიცაა, თვალსაჩინოდ იკვეთება მხატვრის უდიდესი როლი, პასუხისმგებლობა, პროფესიონალიზმი და საქმის სიყვარული, რითაც უნდა აღიჭურვოს იგი, რათა გაუღვივოს ბავშვს ფანტაზია, დაუხვეწოს გემოვნება, რადგანაც ნახატებიანი წიგნი მისთვის პირველი თვალსაჩინოებრივი დედა-ენაა.

 

ილუსტრაცია ზოგჯერ ლიტერატურული ტექსტის განუყოფელ ნაწილად იქცევა, თითქოს მხატვარი აგრძელებს მწერლის ნაშრომს, უფრო სრულყოფილს ხდის მას. ხშირად კი ისეთი შთაბეჭდილებაც იქმნება, ტექსტი ილუსტრაციებისთვის დაიწერა და არა პირიქით. ეს კი, იქნებ მაშინ ხდება, როცა მხატვრობა განსაცვიფრებლად მიესადაგება ნარატივს და ზოგჯერ აღემატება კიდეც მას. ბავშვი კი, რომლის ბუნებაშიც უკვე ჩადებულა მარცვალი ხელოვანის ნიჭისა, ამ „თავსდატეხილ სიყვარულს" მხატვრობისადმი ვეღარაფერს მოუხერხებს და დაიწყება თავდაპირველად სუსტი, კლაკნილი ხაზები, შემდგომ ნელ-ნელა ფორმამიცემული და გაზრდილი, ვინ იცის, მხატვრობის რომელ მიმართულებას გაყოლილი...  როგორც პაბლო პიკასო ამბობდა, ყველა ბავშვი თავისებურად მხატვარია, საქმე ისაა, იგი ბოლომდე დარჩეს მხატვრადო.

 

სხვადასხვა მიმართულების არაერთ დიდ მხატვარს „მოუხდია ვალი" ბავშვებისათვის საუკეთესო ილუსტრაციების შექმნისა. თითოეულ მათგანს საკუთარი აზრითა და ფერით შეუმკია ნახატები პატარებისათვის. ფართო ჩამონათვალს ამშვენებენ ს. სიდამონ-ერისთავის (თ. კიკვაძე. „ჩვენი მეგობარი" წიგნი II-III; ლ. ქიაჩელი. „საბავშვო მოთხრობები"), გ. გაბაშვილის (ვაჟა-ფშაველა. „ჩხიკვ-ა ქორწილი"; „პატარებს"), ალ. ბანძელაძის (რ. კიპლინგი. „მაუგლი"), ეკ. ბაღდავაძის (ა. ტოლსტოი. „ოქროს გასაღები ანუ ბურატინოს თავგადასავალი"), ჯ. ლოლუას (ზღაპარი „კომბლე"), ს. მაისაშვილის (ვაჟა-ფშაველა. „საბავშვო მოთხრობები"), გ. ფოცხიშვილის („ტყის სტუმარი", „ჩიორას სიმღერა", „მოთხრობები"), კ. იგნატოვის („მამა და შვილი"), ლ. ცუცქირიძის (ხ. ბერულავა. „ამბავი თბილისის დაბადებისა") და სხვათა სახელები. ცნობილია ო. შმერლინგის ნახატები საბავშვო წიგნებისათვის „დედა ენა ანუ ანბანი და პირველი საკითხავი სახალხო სკოლებისათვის", „ქართული ხალხური ზღაპრების კრებული", ი. გოგებაშვილის „იავნანამ რა ჰქმნა", კრებული „თავდადებულნი ქართველნი" და სხვ. უნდა აღვნიშნოთ სალვადორ დალი, რომელმაც 1969 წელს შექმნა ილუსტრაციები კლასიკური საბავშვო ტექსტისთვის „ალისა საოცრებათა ქვეყანაში", „კურდღლის სახლის დაბლა", აგრეთვე ავანგარდისტი მხატვრების მარკ შაგალისა და ლისიცკის ნამუშევრები, რომლებსაც არა მხოლოდ ბავშვებზე მოუხდენია ზეგავლენა.

 

ხელოვნების მუზეუმის ბიბლიოთეკის ფონდში არსებობს მცირე, თუმცა ანგარიშგასაწევი მასალა, რომელიც აკმაყოფილებს ყველა იმ აუცილებელ კრიტერიუმს, ბავშვის სულიერ-ესთეტიურ აღზრდას რომ ესაჭიროება. ზოგიერთი მათგანი საჭიროებს რესტავრაციას, რომლის შემდგომ შესაძლებელი გახდება გამოფენის მოწყობაც. ეს ნამუშევრები წლებით მივიწყებულ ფერებსა და სილუეტებს გაგვახსენებს და დღევანდელი გადასახედიდან, შესაძლებელია, სრულიად ახალი ჟღერადობითაც კი წარმოჩინდეს. ეს კატალოგი, მეტადრე, რომ იგი საბავშვო წიგნების პირველი კატალოგია, თუნდაც ელექტრონული სახით მისი გამოქვეყნება, უდავოდ საინტერესო იქნება არა მხოლოდ პატარებისათვის, არამედ მოზარდი თაობისთვისაც.

 

პუბლიკაცია "ილუსტრაციები საბავშვო გამოცემებში"