ხითხუროობის ტრადიციული ხერხები და სამუზეუმო რესტავრაცია-კონსერვაციის პრაქტიკა

წელი: 2015
პუბლიკაციის ტიპი: სამეცნიერო ნაშრომები
აღწერა:

წინამდებარე წიგნი, რომელიც მომზადდა საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და  ნორვეგიის კულტურული მემკვიდრეობის დირექტორატს (Riksantikvaren) შორის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, წარმოადგენს 2012 წელს ამავე სახელწოდებით გამოცემული სახელმღვანელოს მეორე, განახლებულ რედაქციას. თავდაპირველად, პროექტის განხორციელება დაიწყო ეროვნული მუზეუმისა და იუნესკოს მიერ, რომელიც დასაწყისიდანვე ფინანსდებოდა ნორვეგიის მთავრობისაგან და რომლის განხორციელებაშიც, ნორვეგიის  მხრიდან, განსაკუთრებული წვლილი შეიტანა მაიჰაუგენის ღია ცის ქვეშ მუზეუმმა და მისმა შვილობილმა დაწესებულებამ - ნორვეგიის რეწვის ინსტიტუტმა.

 

პირველ გამოცემაში, რომელსაც საზოგადოება დიდი ინტერესით შეხვდა, განხილულია ქართული ხალხური ხითხუროობის ტრადიციული მეთოდები და  ხის ნაგებობათა რესტავრაცია-კონსერვაციის პრინციპები, აგრეთვე მათი პრაქტიკული გამოყენება და ინტეგრაცია ეთნოგრაფიულ მუზეუმსა და ზოგადად თანამედროვე სამუზეუმო სივრცეში.

 

ნორვეგიელ პარტნიორებთან ერთად შემდგომი თანამშრომლობის შედეგად გადაწყდა აღნიშნული სახელმძღვანელოს განახლებული სახით გამოცემა. მისი პირველი ნაწილი მოიცავს ნორვეგიელი სპეციალისტების: ნორვეგიის რეწვის ინსტიტურის დირექტორის ბატონ აივინდ ფალკისა და დურგალ-რესტავრატორის ბატონ ჰანს მარამსრუდის ნაშრომს.

 

წიგნის ეს ნაწილი ეთმობა ხის ნაგებობათა რესტავრაციის მეთოდიკას, პრინციპებსა და ზოგადად, რესტავრაციის ფილოსოფიას. მასში თავმოყრილია ნორვეგიის მუზეუმებში მათი საქმიანობის შედეგად დაგროვილი დიდი პრაქტიკული გამოცდილება და საქართველოში განხორციელებული ექსპედიციების, აგრეთვე გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიულ მუზეუმში ქართველ სპეციალისტებთან ერთობლივი მუშაობის ანალიზის საფუძველზე მიღებული დასკვნები.

 

ცხადია, შეუძლებელია ხის დამუშავების ხალხური მეთოდების სრულად აღწერა, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ ეს სახელმძღვანელო ამომწურავ პასუხს გასცემს ტრადიციული ხითხუროობის სფეროში დასაქმებული პროფესიონალებისა და დაინტერესებულ პირთა  კითხვებს, როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკულ-ემპირიული თვალსაზრისით.

 

ჩვენ გამოვხატავთ მადლიერებას ნორვეგიის კულტურული მემკვიდრეობის დირექტორატის (Riksantikvaren) მიმართ,  მათი მხარდაჭერისათვის წინამდებარე წიგნის გამოცემაში.