მოხალისეების პროგრამა

Share

საქართველოს ეროვნული მუზეუმი ახორციელებს სამეცნიერო, კვლევით - საგანმანათლებლო საქმიანობას და დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ერთიანი საკადრო პოლიტიკის გატარებას, თავისი კომპეტენციის ფარგლებში ზრუნავს კვალიფიციური კადრების მომზადებაზე, სამუზეუმო და სამეცნიერო კადრების რეზერვის შექმნაზე.

კვალიფიციური კადრების მომზადების მიზნით, მუზეუმი მოხალისეებად იღებს სხვადასხვა ასაკის ადამიანებს, ზრუნავს მათი პროფესიული დონის ამაღლებაზე, შესაბამისი უნარ-ჩვევების გამომუშავებასა და დახვეწაზე, ქმნის განათლების საერთო დონის გასაღრმავებლად საჭირო პირობებს.

მოხალისედ მიიღება:

  • საშუალო ან უმაღლესი განათლების მქონე, სამუზეუმო საქმიანობით დაინტერესებული პირი
  • მოხალისედ მიიღება პირი, რომელიც წარმოადგენს დახასიათება-შუამდგომლობას შესაბამისი სასწავლებლიდან ან სამუშაო ადგილიდან

მოხალისედ მიღება ასევე შეიძლება მოხდეს შესაბამისი ორგანიზაციიდან (სასწავლებელი, სამუშაო ადგილი) შუამდგომლობის გარეშეც, კანდიდატის განცხადების საფუძველზე.

კანდიდატი, რომელიც აპირებს მოხალისეობას მუზეუმში (ან მის ერთ-ერთ სტრუქტურულ ერთეულში), უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

  • ჰქონდეს ამ სფეროში მუშაობის მოტივაცია 
  • ჰქონდეს უნარი ახლის შეცნობისა და სწავლის
  • ზოგადად ერკვეოდეს მუზეუმის საქმიანობის სფეროსა და ამოცანებში 
  • ჰქონდეს სხვადასხვა ტექნიკური დავალების შესრულებისა და დაკისრებულ ვალდებულებებზე პასუხისმგებლობის უნარი, იყოს პუნქტუალური

სასურველია კანდიდატს (პროექტისა თუ შესასრულებელი პროექტის მოთხოვნებიდან გამომდინარე):

  • შეეძლოს კომპიუტერთან მუშაობა
  • ფლობდეს უცხო ენას (თუკი პროექტისათვის საჭიროა)

განცხადება მოხალისეობის შესახებ უნდა მოიცავდეს მითითებას, თუ რომელ სტრუქტურულ ქვედანაყოფსა და სამსახურში სურს კანდიდატს მოხალისედ მუშაობა.

მოხალისეობის პროცედურის საერთო კოორდინაციას ახორციელებს მუზეუმის ადმინისტრაცია, რომელიც იბარებს კანდიდატთა საბუთებს და უზრუნველყოფს ყველა საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას.

კანდიდატმა მუზეუმის ადმინისტრაციულ სამსახურს უნდა წარუდგინოს შემდეგი საბუთები:

  • განცხადება მოხალისედ მუშაობის შესახებ 
  • რეკომენდაცია 
  • ავტობიოგრაფია ან CV 
  • დიპლომის ასლი ან ცნობა სასწავლებლიდან
  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი
  • ორი ფოტოსურათი

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: + (995 32) 299 80 22