საქართველოს არქეოლოგია ახალი ქვის ხანიდან რომაულ ხანამდე

22 მაისი 2019
Share

საქართველოს ეროვნული მუზეუმი 2019 წლის მაისიდან წარმოგიდგენთ საგანმანათლებლო პროგრამას: „საქართველოს არქეოლოგია ახალი ქვის ხანიდან რომაულ ხანამდე“.

პროგრამა შედგენილია იმ არტეფაქტებზე დაყრდნობით, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე XX და XXI საუკუნეებში ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად არის მოპოვებული. გამოფენაზე 15 ვიტრინაშია გადანაწილებული საკმაოდ ფართო ქრონოლოგიური პერიოდის მასალა - ძველი წელთაღრიცხვის 8 000 წლიდან ახალი წელთაღრიცხვის 400 წლამდე. საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში დამთვალიერებელი თვალს მიადევნებს ადამიანის განვითარებას 8 000 წლის განმავლობაში, წარმოდგენას შეიქმნის მის ცხოვრებაზე, საქმიანობაზე, ხელოვნებაზე, მეთუნეობაზე, ლითონის დამუშავებასა და ა.შ. 

თეორიული ნაწილი ჩატარდება ლექცია-საუბრისა და კითხვა-პასუხის რეჟიმში ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის გამოფენაზე „საქართველოს არქეოლოგია ძვ.წ VIII ათასწლეულიდან ახ.წ IV საუკუნემდე", სადაც მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ, ახლო რაკურსით იხილონ სხვადასხვა პერიოდის არქეოლოგიური ძეგლები: თიხის ჭურჭელი, იარაღი, სამკაული და სხვა.

პრაქტიკული ნაწილიც არქეოლოგიურ საგამოფენო სივრცეში ჩატარდება. მონაწილეები თავად შეარჩევენ გამოფენაზე წარმოდგენილ ერთ ან რამდენიმე ექსპონატს, რომლის შესახებ შეავსებენ კითხვარს, რომელიც მოიცავს ნივთის აღწერასა და კვლევას. 

პროგრამის მიზანია: 

  • მოსწავლეს სწორი წარმოდგენა შეექმნას ადამიანის განვითარების საფეხურების შესახებ;
  • მოსწავლემ შეძლოს, ერთმანეთისგან განასხვავოს თიხის, ლითონისა და მინის ჭურჭელი თუ იარაღი;
  • მონაწილემ შეიძინოს ცოდნა საქართველოს უძველესი ისტორიისა და მატერიალური კულტურის შესახებ;
  • მონაწილემ გაიგოს, რა არის არქეოლოგია და რა ინფორმაციას გვაწვდიან არქეოლოგიური არტეფაქტები.  

პროგრამა განკუთვნილია: V-VIII კლასის მოსწავლეთათვის
ჯგუფში მონაწილეთა რაოდენობა: 20-25
პროგრამის ხანგრძლივობა: 90 წუთი
ჩატარების დრო: სამშაბათი-პარასკევი
პროგრამის ღირებულება: 10 კაციანი ჯგუფი - 60 ლარი
პროგრამის ავტორი: ქრისტინე შავლაყაძე
პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია: 599 63 52 61
მისამართი: ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი, შ. რუსთაველის გამზ. #3