1 ივნისი - ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე!

31 მაისი 2018
Share

1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, ვიწვევთ ბავშვებს და მოზარდებს ჩვენს ინსტიტუციაში შემავალ მუზეუმებში.

ეროვნულ გალერეაში, მიმდინარე იტალიური ხელოვნების გამოფენებთან დაკავშირებით, წარმოგიდგენთ შემეცნებით-გასართობ პროგრამებს:  

  • „Commedia dell'arte" - ნიღბების თეატრი 

გიწვევთ პლენერულ ღონისძიებაზე ეროვნული გალერეის ეზოში, სადაც გაიმართება შემეცნებით-გასართობი პროგრამა - „Commedia dell'arte". პროგრამა უკავშირდება ეროვნულ გალერეაში მიმდინარე რენესანსის ეპოქის დიდი მხატვრების გამოფენებს, აღორძინების ხანას, იტალიასა და მის კულტურას. Commedia dell'arte არის რენესანსის ხანის პირველი პროფესიული თეატრი, რომლის პერსონაჟების წარმოშობაც ვენეციურ კარნავალს უკავშირდება. 

ეროვნული გალერეის მიმდებარე ეზო გაფორმებული იქნება სადღესასწაულოდ. წარმოდგენილი იქნება კომედია დელ არტეს პერსონაჟების კოსტიუმები და ნიღბები, გაიმართება კოსტიუმირებული ფოტოსესია, ბავშვები მოხატავენ სპეციალურად ამ დღისთვის შექმნილ ნიღბებს. პროგრამის მონაწილეები მოისმენენ რენესანსის ეპოქის მუსიკას და იცეკვებენ იმ ეპოქისთვის სახასიათო ცეკვებს.   

პროგრამის ავტორი: დალი გოგორიშვილი
პროგრამა ჩატარდება 14:00-დან 16:00 საათამდე.
პროგრამაში მონაწილეობა თავისუფალია!
მისამართი: დ. შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა, შოთა რუსთაველის გამზ. 1

  • „იტალიური ხელოვნება ეროვნულ გალერეაში"

8-13 წლის ასაკის ბავშვებს 14:00 და 16:00 საათებზე ვიწვევთ საგანმანათლებლო პროგრამაზე: „იტალიური ხელოვნება ეროვნულ გალერეაში";
8 წლამდე ბავშვებს ვთავაზობთ მონაწილეობას გასართობ-შემეცნებით აქტივობებში.

პროგრამებში მონაწილეობისათვის, გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია შემდეგ ნომერზე: 2 15 73 00 (დაგვიკავშირდით 10:00-დან 17:00 საათამდე).
პროგრამაში მონაწილეობა თავისუფალია!
მისამართი: დ. შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა, შოთა რუსთაველის გამზ. 11

*1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, ეროვნული მუზეუმის ინსტიტუციაში შემავალ ყველა მუზეუმში ბავშვებისა და მოზარდებისთვის (18 წლამდე) შესვლა თავისუფალია!
ჩვენი მუზეუმები: https://bit.ly/2k4BAWN