„ფოტოგამოფენა საგანძური"

12 მარტი 2018
Share

საქართველოს ეროვნული მუზეუმი წარმოგიდგენთ საგანმანათლებლო პროექტს - „ფოტოგამოფენა საგანძური".

გამოფენის კონცეფცია ეფუძნება მსოფლიო სამუზეუმო გამოცდილებას - როდესაც ეროვნული სამუზეუმო მემკვიდრეობის ცნობადობის ამაღლებისა და ხელმისაწვდომობის მიზნით, გამოიყენება არა თავად ექსპონატები, რომელთა გადაადგილება დიდ ხარჯებს უკავშირდება და შესაძლოა მათი მდგომარეობის გამო არამიზანშეწონილიც იყოს, არამედ მათი ესთეტიკური და მხატვრული ღირებულებების შემცველი ალტერნატიული საშუალებები. ეს არის ე.წ. „მოგზაური ექსპოზიციები", რომლებიც, ერთის მხრივ, მარტივია გადასაადგილებლად და ნაკლებ ბიუჯეტს საჭიროებს, მეორეს მხრივ - დამთვალიერებელს საშუალებას აძლევს მიიღოს ორიგინალი ექსპონატის დათვალიერებით გამოწვეულ შთაბეჭდილებასთან მიახლოებული ემოცია. ამასთან, „მოგზაური ექსპოზიციები" შესანიშნავ გარემოს ქმნის შესაბამისი, თემატური საგანმანათლებლო პროგრამების განსახორციელებლად.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა კურთხევით, საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა, „ფოტოგამოფენა საგანძური" 2008 წელს მოამზადა საქართველოს საპატრიარქოს დაფინანსებით. შექმნის დღიდან „საგანძურმა" უკვე იმოგზაურა ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში და წარმატებით გაიარა აპრობაცია.

საქართველოს სხვადასხვა რეგიონს, გვსურს შევთავაზოთ, საკუთარ მოსახლეობას მისცეს საშუალება გაეცნოს ქართულ საგანძურს, გაითავისოს ეროვნულ კულტურულ მემკვიდრეობაში დავანებული მატერიალური და სულიერი ფასეულობები, რაც ძალზე მნიშვნელოვანია, ახალგაზრდობის აღზრდისა და ეროვნული ცნობიერების ჩამოყალიბებისათვის.

პროექტის „ფოტოგამოფენა საგანძური" განხორციელებისათვის საქართველოს ეროვნული მუზეუმი გთავაზობთ: სრულად აღჭურვილ ექსპოზიციას, საინფორმაციო და ბეჭდვით საშუალებებს, შემეცნებით-პედაგოგიურ მასალებსა და გიდი-პედაგოგის მომსახურებას.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გაეცნოთ დოკუმენტს: ფოტოგამოფენა საგანძური(Pdf)