ქორწილი და საქორწილო სამზადისი ძველად საქართველოში

06 მარტი 2018
Share

საქართველოს ეროვნული მუზეუმის საგანმანათლებლო ცენტრი წარმოგიდგენთ პროგრამას „ქორწილი და საქორწილო სამზადისი ძველად საქართველოში".

საქართველოში, ისევე, როგორც სხვა ხალხთა  ყოფაში, დიდი მნიშვნელობა ენიჭება ოჯახისა და ქორწინების წეს-ჩვეულებებს. აღნიშნული პროგრამა ითვალისწინებს, როგორც ქართველების, ასევე საქართველოში მცხოვრებ ეთნოსთა საქორწილო სამზადისისა და ქორწილის შესახებ ეთნოგრაფიულ ყოფაში შემორჩენილ გადმოცემების მიმოხილვას. ვისაუბრებთ ნეფე-პატარძლის დანიშვნის წესზე, ჩაცმულობაზე, მზითვის ინსტიტუტსა და იმ ტრადიციებზე, რომელიც დამახასიათებელი იყო ტრადიციული ქორწილისათვის. ჩვენი მიზანია, ბავშვებს გავაცნოთ  საისტორიო წყაროებში დაცული მონაცემები ქორწილისა  და საქორწილო სამზადისის შესახებ, ასევე, ქორწინებასთან დაკავშირებული მზითვის წიგნის შემადგენლობა, მზითვის აღწერა, რიტუალური ჯვრის პურების ცხობა და დანიშნულება, საქორწილო სუფრის აღწერა, პირისანახავის განმარტება და სხვა.  პრეზენტაციის ბოლოს ბავშვები შეადარებენ რა საერთო და განმასხვავებელი ნიშნები არსებობს ქართულ და საქართველოში მცხოვრებ  ეთნოსთა  საქორწილო ტრადიციებს შორის.

პროგრამის მსვლელობისას, წარმოდგენილი იქნება საინტერესო და შემეცნებითი პრეზენტაცია, რომელშიც ჩართულნი იქნებიან ბავშვები სხვადასხვა აქტივობებით (ინტელექტუალური შეჯიბრი, აბრის შექმნა დამახსოვრებული ელემენტების გამოყენებით, და ა.შ.) დასკვნით ეტაპზე კი მიეცემათ სახალისო დავალება, რომელიც განავითარებს მათ შემოქმედებით და მოტორულ უნარებს. ბავშვების მიერ შექმნილი ნამუშევრები დარჩება მუზეუმის საგანმანათლებლო სტენდზე ერთი თვის განმავლობაში.

პროგრამა განკუთვნილია : V-IX კლასის მოსწავლეთათვის.

პროგრამის ხანგრძლივობა : 90 წუთი

ჩატარების დრო: სამშაბათი- პარასკევი

ჩატარების ადგილი: საქართველოს ეროვნული მუზეუმი, სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი.

პროგრამის ღირებულება: 10 კაციანი ჯგუფისთვის - 60 ლარი.

პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია : 595708525, 597570895,  577462522.

მისამართი: სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი, რუსთაველის გამზ. 3