ბანაკი ეთნოგრაფიულ მუზეუმში

04 ოქტომბერი 2017
Share

საქართველოს ეროვნული მუზეუმი გთავაზობთ 2 დღიან შემეცნებით ბანაკს ეთნოგრაფიულ მუზეუმში.

პროექტი გულისხმობს ორდღიანი ბანაკების მოწყობას კარვებით, 10-12 წლის მოზარდებისთვის. ბანაკის მიზანია, საველე პირობების იმიტაციით, ბავშვები დააახლოვოს ბუნებასთან, განუვითაროს მისი მოვლისა და გაფრთხილების სურვილი. ბანაკი მოიცავს მრავალმხრივ საგანმანათლებლო აქტივობებს, რომლებიც სპეციალურად ადაპტირებულია მოზარდებისათვის. ყოველი აქტივობა გათვლილია შემეცნებაზე და გულისხმობს მონაწილეთა უშუალო ჩართულობას - კარვის აწყობა, ინტერიერის და საცხოვრებელი პირობების მომზადება, დამოუკიდებელი აზროვნების განვითარება, ჰიგიენის ნორმების დაცვა.

ბანაკის ძირითადი კონცეფცია გულისხმობს, გარემოს დათვალიერებასა და შესწავლას პოლ სალოპეკის მეთოდის მიხედვით ეთნოგრაფიული მუზეუმის ტერიტორიაზე ბანაკის მონაწილეთათვის შერჩეულია სპეციალური მარშრუტები, რომელთა გავლის დროსაც მოზარდები მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა პროგრამებში: თითოეული ჯგუფი აირჩევს რომელიმე ობიექტს და დეტალურად შეისწავლის მას. ასეთი ტიპის 4-5 ობიექტი წინასწარ იქნება შერჩეული. ობიექტების ანალიზის შემდეგ გაიმართება მცირე დებატები, სადაც მონაწილეები ერთმანეთს საკუთარ მოსაზრებებს გაუზიარებენ.

ბანაკი ასევე მოიცავს შემეცნებით-ინტერაქტიულ გაკვეთილებს ეკოლოგიური პრობლემების, ბავშვთა უფლებების, გარემოს დაცვისა და საველე ჰიგიენის შესახებ. გაკვეთილების მსვლელობის პროცესში, ნაჩვენები იქნება საგანმანათლებლო ფილმები ეკოპრობლემებსა და ბავშვთა უფლებებზე. ჯგუფური სამუშაოს დახმარებით, დაისახება პრობლემის არსი და მისი გადაჭრის გზები, ბავშვები მოამზადებენ პროექტებს და გააკეთებენ მათ პრეზენტაციებს.

ბანაკის მონაწილეები ჩაერთვებიან იმიტირებულ არქეოლოგიურ გათხრებში, სახალისო შეჯიბრებებსა და ინტელექტუალურ თამაშებში, ნახავენ დოკუმენტურ ფილმებს ბიომრავალფეროვნებაზე. შეისწავლიან ბუნების მოვლასა და ნარჩენების დახარისხებას ჰიგიენის ნორმების დაცვით. საღამოს მონაწილეები შეიკრიბებიან კოცონთან, სადაც ერთმანეთს გაუზიარებენ დღის განმავლობაში დაგროვილ ინფორმაციასა და ემოციებს.

მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატი და ასევე ბანაკში გამართული სახალისო აქტივობების ნომინაციების სერტიფიკატები.

ბანაკის მონაწილეებზე გათვალისწინებულია ორჯერადი კვება (პირველ დღეს სადილი და ვახშამი, მეორე დღეს საუზმე და სადილი). მონაწილეები იქნებიან 24-საათიანი ზედამხედველობის ქვეშ.

გთხოვთ, მსურველებმა გაიაროთ წინასწარი რეგისტრაცია. 

ბანაკში მონაწილე ჯფუფის შედგენისათვის საჭიროა მინიმუმ 20 მონაწილე.

პროგრამაში მონაწილეობის საფასური თითო მონაწილისათვის შეადგენს 70 ლარს.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით: 598 885 397

მისამართი: გ. ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმი ღია ცის ქვეშ, კუს ტბის ასახვევი 1.

პროექტის მხარდამჭერები: Silknet და ჟურნალი National Geographic საქართველო

სასწავლო პროგრამების მხარდამჭერები: John Templeton Foundation და The Stone Age Institute