საგანმანათლებლო პროგრამები ედუარდ კურტისის გამოფენის ფარგლებში

22 სექტემბერი 2017
Share

2017 წლის 22 სექტემბრიდან  იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი ერთი თვის განმავლობაში უმასპინძლებს ფოტოგამოფენას: ედუარდ კურტისი & ჩრდილოეთ ამერიკელი ინდიელები: დედამიწა, ტრადიცია, რიტუალი".

დამთვალიერებელს საშუალება ეძლევა გაეცნოს ჩრდილოეთ ამერიკელ ინდიელთა ისტორიას, მათ ადათ-წესებსა და ტრადიციებს, გაქრობის პირას მისული ცივილიზაციის სულიერი ცხოვრების ამსახველ შთამბეჭდავ სცენებს, რომლებსაც ამერიკელმა ფოტოგრაფმა ედუარდ კურტისმა მარადიულობა შესძინა.

გამოფენის ფარგლებში საქართველოს ეროვნული მუზეუმის საგანმანათლებლო ცენტრი გთავაზობთ საგანმანათლებლო პროგრამებს, რომლებიც სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფებისთვისაა განკუთვნილი.

1. სკოლამდელი ასაკის ბავშვები: (4-6 წელი)

პროგრამაში მონაწილე ბავშვები დაათვალიერებენ გამოფენას.  გიდი-პედაგოგი მათ გააცნობს ინდიელ ტომთა ისტორიას. დათვალიერების შემდგომ, ბავშვები გააფერადებენ გრაფიკულ გამოსახულებებს და ჩაებმებიან სხვადასხვა შემეცნებით აქტივობაში.

2. 6-9 წლის მოსწავლეები:

პროგრამაში მონაწილე ბავშვები დაათვალიერებენ გამოფენას.  გიდი-პედაგოგი მათ გააცნობს ინდიელ ტომთა ისტორიას, გეოგრაფიულ გარემოს, მათი ცხოვრების ამსახველ წეს-ჩვეულებებსა და რიტუალებს. დათვალიერების შემდგომ, ბავშვები ჩაერთვებიან სხვადასხვა შემეცნებით-გასართობ აქტივობაში.

3. ჰოპის ტომის კერამიკა - 9-12 წლის მოსწავლეები:

პროგრამაში მონაწილე ბავშვები მოისმენენ ზოგად ისტორიას ამერიკელი ინდიელების შესახებ, გაეცნობიან ჩრდილოეთ ამერიკის სამხრეთ-დასავლეთის ხალხების, მათ შორის, ჰოპის ტომის მეთუნეობის ტრადიციებს. დათვალიერების შემდგომ, ბავშვებს საშუალება ეძლევათ ჰოპის ტომის დიდი ქოთნების მოხატულობის მაგალითზე თავადვე მოხატონ თიხის ქოთნები.

4. საგანმანათლებლო პროგრამა ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) სტუდენტებისათვის.

GAU-ს სტუდენტებს აქვთ უნიკალური შესაძლებლობა დაათვალიერონ ფოტო მასალა გამოფენის კურატორის თანხლებით. დათვალიერების შემდეგ კი გაიმართება ფილმის- „ჩრდილების მდევარის" ჩვენება.

GAU-ს სტუდენტებისათვის  გამოფენის დათვალიერება უფასოა.

5. ანთროპოლოგიის დოქტორის მერაბ მიქელაძის ლექცია „ფრანგული სოციალური ანთროპოლოგია ტოტემიზმის შესახებ და ტოტემური რწმენა-წარმოდგენების გამოვლენა ქართული ეთნოგრაფიული მასალის მიხედვით" ჩრდილოეთ ამერიკელ ინდიელთა ისტორიითა და ტრადიციებით დაინტერესებული აუდიტორიისათვის.

სოციალურად დაუცველი, მზრუნველობა-მოკლებული და განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე ბავშვებისთვის გამოფენის დათვალიერება და პროგრამაში მონაწილეობა უფასოა.

წინასწარი რეგისტრაციისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე: 2 92 32 27

მისამართი: იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა), სიონის ქ. 8