ნახე, კერაში ცეცხლი ანთია!

10 აპრილი 2017
Share

საქართველოს ეროვნული მუზეუმი 2017 წლის 25 აპრილიდან გიწვევთ შემეცნებით, სახალისო, გასართობ და ინტელექტუალურ პროგრამაზე „ნახე, კერაში ცეცხლი ანთია!".

პროგრამის მიზანია წარმოადგინოს აღმოსავლეთ საქართველოში გავრცელებული საცხოვრისის მოდელი, აჩვენოს მოსწავლეებს ისტორიულად არსებული საცხოვრისის ტიპი და მასში მობინადრე ადამიანთა ყოფა; საგანმანათლებლო-სამეცნიერო და შემეცნებითი ხასიათის ნივთიერი მასალის ანალიზით, მოახდინოს ქართული ტრადიციული საცხოვრისის რეკონსტრუქცია; გაუღვიძოს ინტერესი და გაუღრმავოს ცოდნა მოსწავლეებს ქართული ეთნო-კულტურული მემკვიდრეობის მიმართ.

საცხოვრისის მოდელის მაგალითზე წარმოვადგენთ მე-19 საუკუნის საოჯახო ყოფაში გამოყენებულ ნივთიერ მასალას, რომელიც ეროვნულ მუზეუმშია დაცული. ვისაუბრებთ ისეთ მნიშვნელოვან ტრადიციაზე, როგორიცაა სტუმარ-მასპინძლობა. ვისაუბრებთ კერასა და დედაბოძზე - ქართული სახლის მთავარ ატრიბუტებზე, მათ არსსა და დანიშნულებაზე.

პროგრამას თან ახლავს მრავალფეროვანი ფოტო და ვიდეო მასალა. ბავშვები მონაწილეობას მიიღებენ სახალისო აქტივობებში და დაჯილდოვდებიან სამახსოვრო სიგელებით.

პროგრამა განკუთვნილია: 6-11 წლის ასაკის ბავშვებისათვის

პროგრამის ხანგრძლივობა: 70 წუთი

ჩატარების დრო: სამშაბათიდან პარასკევის ჩათვლით

პროგრამაში მონაწილეობისათვის საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია!
დაგვიკავშირდით: 595 708 525; 597 57 08 95; 577 46 25 22