საგანმანათლებლო პროგრამა ,,არქეოლოგია ყველასათვის“

05 ივნისი 2015
Share

2015 წლის მაისიდან საქართველოს ეროვნული მუზეუმი გთავაზობთ განახლებულ საგანმანათლებლო პროგრამას „არქეოლოგია ყველასათვის", რომელიც მოსწავლეებს გააცნობს ნივთის გზას არქეოლოგიური გათხრებიდან საგამოფენო დარბაზამდე.  

პროგრამას ხელმძღვანელობს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი დავით ლორთქიფანიძე.

მასში ასევე ჩართულები არიან მუზეუმის ყველა თაობის არქეოლოგები. მოსწავლეები შეხვდებიან გამოჩენილ მკვლევრებს, რომლებიც მათ ჩვენი ქვეყნის ისტორიისთვის უმნიშვნელოვანეს, მეცნიერების ამ საინტერესო დარგს გააცნობენ და დაათვალიერებინებენ მუზეუმის საგამოფენო დარბაზებს. შეხვედრა დაიწყება სიმონ ჯანაშიას სახელობის მუზეუმის ცენტრალურ ფოიეში, შემდეგ კი ახალგაზრდები არქეოლოგიურ გათხრებში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრებიან ღია ცის ქვეშ ეთნოგრაფიულ მუზეუმში, სადაც მათთვის სპეციალურად არის შექმნილი არქეოლოგიური მოედანი. პროგრამა ასევე ითვალისწინებს თბილისის მახლობლად მდებარე ძეგლებზე გასვლას.

გარდა ამისა, მუზეუმი მოსწავლე ახალგაზრდებს სთავაზობს არქეოლოგიური ნივთების კონსერვაციისა და რესტავრაციის გაკვეთილებს. მუზეუმის ფონდების ხელმძღვანელები მათ გააცნობენ იმ მეთოდებს, რომლებსაც მეცნიერები იყენებენ არქეოლოგიური ნივთების კონსერვაციისა და რესტავრაციისათვის. ისინი დაათვალიერებენ ფონდებსა და ახლადშექმნილ სამეცნიერო ლაბორატორიას და თავადვე აღადგენენ დაზიანებულ ნივთებს.   

ზაფხულის პერიოდში მოეწყობა საზაფხულო არქეოლოგიური ბანაკები, რომლებიც ბავშვებს საშუალებას მისცემს გაეცნონ არქეოლოგიურ საველე სამუშაოებს და მოისმინონ მეცნიერების ლექციები ამ დარგის შესახებ. ეს იქნება ზაფხულის დაუვიწყარი არდადეგები, რომელთა დროსაც მოსწავლეები შეიძენენ ისეთ ჩვევებს, როგორებიცაა ჯგუფური მუშაობა, ერთმანეთის აზრის პატივისცემა, მოსმენა, დაკვირვება და სხვა.

პროგრამა განკუთვნილია 8-16 წლის მოსწავლეებისათვის.
პროგრამა გაიმართება ყოველ შაბათ-კვირას.
პროგრამაში მონაწილეობა უფასოა!

პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია!
ტელ: 2 93 16 52; 
მისამართი: ა. ფურცელაძის ქუჩა 3.