საგანმანათლებლო პროგრამა „მხატვარი და ავტოპორტრეტი"

22 აპრილი 2014
Share

საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა ყოველ სამშაბათს, 14:30 საათზე წარმოგიდგენთ საგანმანათლებლო პროგრამას „მხატვარი და ავტოპორტრეტი". 

გაკვეთილი გააცნობს მოზარდებს ხელოვნების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ჟანრს-ავტოპორტრეტს: როდის გაჩნდა ის და რა გზა გაიარა, რატომ და როგორ ასახავდნენ საკუთარ თავს მხატვრები, რით განსხვავდება ავტოპორტრეტი პორტრეტისგან. წარმოდგენილი იქნება ავტოპორტრეტის სხვადასხვა ტიპები, რომლებიც ხელოვნების ისტორიის მანძილზე ჩამოყალიბდა. აგრეთვე განხილული იქნება ეროვნულ გალერეაში წარმოდგენილი ქართველი მხატვრების ავტოპორტრეტები (დ. კაკაბაძე, ლ. გუდიაშვილი, შ.ქიქოძე).

შემოქმედებითი დავალების სახით მოზარდები დახატავენ ავტოპორტრეტებს, ან შეთხზავენ საკუთარი თავის შესახებ რაიმე ამბავს.

პროგრამა განკუთვნილია VII-XI კლასის მოსწავლეებისათვის. 

პროგრამის ხანგრძლივობა 60 წუთი. 

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ნომერზე 2 93 16 52 - საქართველოს ეროვნული მუზეუმის საგანმანათლებლო ცენტრი. 

მისამართი: დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა, რუსთაველის გამზირი 11.