საგანმანათლებლო პროგრამა ,,და აღმოცენდა თბილისი“

13 მარტი 2014
Share

2014 წლის 13 მარტიდან საქართველოს ეროვნული მუზეუმის თბილისის ისტორიის მუზეუმი წარმოგიდგენთ ახალ საგანმანათლებლო პროგრამას სახელწოდებით ,,და აღმოცენდა თბილისი".

პროგრამა მოიცავს თბილისის დაარსების და საქალაქო ცხოვრების პერიოდების შემსწავლელ გაკვეთილებს. მისი ძირითადი მიზანია, თბილისის დაარსებისა და მისი მრავალმხრივობის ფართო სპექტრით წარმოჩენა. მონაწილეებმა სრულად უნდა აღიქვან ის მრავალფეროვნება, რაც დედაქალაქის ისტორიას, განაშენიანებას და მის შექმნას უკავშირდება. თბილისის აღმოცენების და მისი არსებობის სურათი დაბადებიდან-დღემდე, სრულიად ახლებურად წარმოაჩენს ქალაქის თვითმყოფადობას.

მონაწილეები გაეცნობიან სხვადასხვა ეტაპების ამსახველ ექსპონატებს, ისტორიკოსთა ნააზრევს თბილისის შესახებ, იხილავენ ვრცელ ვირტუალურ მასალას, რომელიც მოიცავს ორ ნაწილს - ანიმაციური თხრობას თბილისის შესახებ და მისი ისტორიის, არქეოლოგიური ნაშთების ამსახველი ფოტოების, გრავიურებისა და ნახატების ჩვენებას.

პროგრამის დასკვნით ნაწილში, წარიმართება დიალოგი პროგრამის ანიმატორსა და მოსწავლეებს შორის. აგრეთვე მონაწილეებს საშუალება მიეცემათ დაწერონ მცირეფორმატიანი ტექსტი თბილისის აღმოცენების მათთვის საინტერესო ეტაპის ან მოვლენის შესახებ.

პროგრამა გაიმართება ყოველდღე (ორშაბათის გარდა), 15:00 საათზე.

დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ დაუკავშირდეთ თბილისის ისტორიის მუზეუმს ნომერზე 292 32 27  

პროგრამა განკუთვნილია III-XII კლასის მოსწავლეთათვის.

მისამართი: იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი, სიონის ქუჩა 8.