ნიკო ფიროსმანაშვილის გამოფენა არლის ვან გოგის ფონდში

02 მარტი 2019 – 01 ივნისი 2019

2 მარტიდან, ქალაქ არლში მდებარე ვინსენტ ვან გოგის ფონდი ნიკო ფიროსმანაშვილის ნამუშევრების გამოფენას უმასპინძლებს. ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც ქართველი მხატვრისა და ვინსენტ ვან გოგის ნამუშევრები ერთ სივრცეში გამოიფინება სახელწოდების ქვეშ – „Niko Pirosmani - A Wanderer Between Worlds | Vincent van Gogh: Speed & Aplomb".

მადამ ჟინუ. ვინსენტ ვან გოგი.
თანამედროვე ხელოვნების გალერეა, რომი 

გამოფენა „Niko Pirosmani - A Wanderer Between Worlds" ვენაში,ალბერტინას მუზეუმში 400 000-მდე ვიზიტორმა იხილა. ამავე პროექტს ახლა უკვე ვინსენტ ვან გოგთან ერთად, დამთვალიერებელი საფრანგეთში გაეცნობა.

ექსპოზიციაზე იხილავთ მხატვრის 29 ნამუშევარს საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის კოლექციიდან. მათ შორისაა: „ქალი კათხა ლუდით,” „აქტრისა მარგარიტა“, „ჟირაფი“. გამოფენაზე ასევე წარმოდგენილია ვინსენტ ვან გოგის მიერ 1884-1889 წლებში შესრულებულ ფერწერული ტილოები: „არლელი ქალბატონი", „ხის მჭრელი", „მფრინავი მელია“, „ფეხსაცმელები", „გზა მონმარტრში“, „მთესავი ჩამავალი მზის ფონზე" (ვან გოგის მუზეუმიდან, ამსტერდამი; თანამედროვე ხელოვნების ეროვნული გალერეა, რომი და ე.ჯ. ბურლეს კოლექციების ფონდი, ციურიხი.  

ქალი კათხა ლუდით. ნიკო ფიროსმანაშვილი. საქართველოს ეროვნული მუზეუმის
შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი

გამოფენაზე ასევე წარმოდგენილი იქნება ილია ზდანევიჩის ხელნაკეთი წიგნი სახელწოდებით „ფიროსმანაშვილი 1914" პარიზის ზდანევიჩის ფონდიდან. წიგნში შესულია პაბლო პიკასოს მიერ შესრულებული გრავიურა - „ფიროსმანის პორტრეტი". ასევე, მხატვრის შემოქმედებით შთაგონებული, ჩვენი დროის საუკეთესო თანამედროვე არტისტთა ნამუშევრები. მათ შორისაა ცნობილი იაპონელი არქიტექტორის ტადაო ანდოს მიერ სპეციალურად ფიროსმანისადმი მიძღვნილი მაგიდა სახელწოდებით "Table Of Pirosmani". არლის მუზეუმი ჯორჯ ბაზელიცის, იოშიტომო ნარას, ანდრო ვეკუას, შირანა შაბაზის, კრისტინა ფორერის, ადრიან გენისა და რაფაელა ვოგელის ნამუშევრებსაც დაეთმობა.

გამოფენის პარალელურად, დამთვალიერებელი იხილავს კადრებს გიორგი შენგელაიას მხატვრული ფილმიდან „ფიროსმანი".  

გამოფენების მთავარი მიზანია ნიკო ფიროსმანაშვილის შემოქმედებისა და ქართული კულტურული მემკვიდრეობის ფართო საზოგადოებისთვის გაცნობა როგორც დამოუკიდებლად, ისე ვინსენტ ვან გოგთან ერთად.

გამოფენასაქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, საქართველოს ეროვნული მუზეუმის, "Infinitart Foundation Vienna" და არლში ვინსენტ ვან გოგის ფონდის ინიციატივით ხორციელდება.

ვიდეო:რეჟისორი -Thomas Harnett O'meara,
პროდიუსერი - InfinitartFoundation Vienna,
მუსიკა -დათო ევგენიძე, Dimitrios Ntonis.