ოქროს საწმისი – საქართველოს ანტიკური საგანძური რომის მუზეუმში

17 ნოემბერი 2011 – 05 თებერვ. 2012

საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაცული ნივთები წარმოდგენილი იყო გამოფენაზე "ოქროს საწმისი - ძველი საგანძური საქართველოდან" რომის საიმპერატორო ფორუმების მუზეუმში Mercati di Triano, რომლის ორგანიზატორები იყვნენ საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და დედაქალაქ რომის კულტურულ ძეგლთა ზედამხედველობის სამსახური. გამოფენა გაიმართა კულტურის ბიენალეს (2011 წლის სექტემბრიდან 2012 წლის აპრილამდე) - "აბრეშუმის გზა" - ფარგლებში იტალიის საგარეო საქმეთა და კულტურის სამინისტროების პატრონაჟით, რომელშიც 12 ქვეყანა მონაწილეობდა. ბიენალე ეძღვნებოდა იმ სახელმწიფოებს, რომლებიც XIII საუკუნემდე აზიაში მარკო პოლოს მოგზაურობამდე, ევროპისათვის საიდუმლოს წარმოადგენდნენ.

გამოფენაზე სახელწოდებით "ოქროს საწმისი. საქართველოს ანტიკური საგანძური" წარმოდგენილი იყო სხვადასხვა წლებში საქართველოს ტერიტორიაზე ჩატარებული არქეოლოგიური სამუშაოების შედეგად მოპოვებული მასალა. მათ შორისა ძვ.წ.III ათასწლეულიდან ახ.წ. IV საუკუნემდე დათარიღებული ოქროს, ვერცხლის, ბრინჯაოსა და ნახევრად ძვირფასი ქვებით შემკული სამკაულები, ჭურჭელი, სარიტუალო დანიშნულების ნივთები, მცირე ზომის ქანდაკებები და სხვა.