მოგზაური მუზეუმი - დმანისის უნიკალური აღმოჩენები ფილიპინებში

09 თებერვ. 2016 – 14 ოქტომბ. 2016

9 თებერვალს ფილიპინებში, მანილას ათენეოს უნივერსიტეტში გაიხსნა გამოფენა ,,მოგზაურობა კაცობრიობის ისტორიაში: პირველი ადამიანები აფრიკის გარეთ - ჰომინიდები დმანისიდან".

ექსპოზიციაზე წარმოდგენილია დმანისში აღმოჩენილი, 1.8 მილიონი წლით დათარიღებული უძველესი ადამიანის თავის ქალების, ცხოველთა ნაშთებისა და ქვის იარაღების ასლები.

გამოფენა მიზნად ისახავს დამთვალიერებელთათვის დმანისის უნიკალური აღმოჩენების და ადამიანის წარმოშობის ისტორიის გაცნობას მეცნიერული მტკიცებულების საფუძველზე. მსგავსი ფორმატის გამოფენა ფილიპინებში პირველად იმართება.

გამოფენის ფარგლებში საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ წაიკითხა ლექცია ,,პირველი ადამიანები ევრაზიაში".

აღნიშნული გამოფენა ფილიპინებში შვიდი თვის განმავლობაში გაგრძელდება და იმოგზაურებს ქვეყნის შვიდ წამყვან უნივერსიტეტში, სადაც 200 000-ზე მეტ სტუდენტს მიეცემა გამოფენის ხილვის შესაძლებლობა. გამოფენის პარალელურად, მასპინძელ უნივერსიტეტებში გაიმართება ლექციები და არქეოლოგიის ინტერაქტიული საგანმანათლებლო პროგრამები. ფილიპინებში მოგზაური გამოფენის მონაწილე უნივერსიტეტებია: მანილას ათენეოს უნივერსიტეტი, ხოსე რიზალის უნივერსიტეტი, სანტო ტომასის უნივერსიტეტი, აღმოსავლეთის უნივერსიტეტი, ფილიპინების დილიმანის უნივერსიტეტი, დე ლა-სელის უნივერსიტეტი და ფილიპინების სახელმწიფო უნივერსიტეტი.

პროექტის ოფიციალური გახსნის ცერემონიალს დაესწრო ქალაქ კესონის ვიცე მერი ჯოი ბელმონტე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ფილიპინებში ბატონი ზურაბ ალექსიძე, საქართველოს საპატიო კონსული მანილაში ხოსელიტო კარლსონ ასენიერო, საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი ბატონი დავით ლორთქიფანიძე, მანილას ათენეოს უნივერსიტეტის პრეზიდენტი ჯეტ ვილარინი და გამოფენაში მონაწილე უნივერსიტეტების წარმომადგენლები.

პროექტი ორგანიზებულია ,,ფილიპინების მოგზაური მუზეუმის", საქართველოს ეროვნული მუზეუმის, ,,Crania Heritage Sciences Inc"-ისა და ,,Cozoz Inc"-ის თანამშრომლობის საფუძველზე. გამოფენის მხარდამჭერია საქართველოს საელჩო ფილიპინებში და საქართველოს საკონსულო მანილაში.

გამოფენების განრიგი

მანილას ათენეოს უნივერსიტეტი: 9 თებერვალი – 4 მარტი
ხოსე რიზალის უნივერსიტეტი: 14 მარტი – 6 აპრილი
სანტო ტომასის უნივერსიტეტი: 25 აპრილი – 28 მაისი
აღმოსავლეთი მანილას უნივერსიტეტი: 27 ივნისი – 22 ივლისი
ფილიპინების დილიმანის უნივერსიტეტი: 2 აგვისტო – 26 აგვისტო
დე ლა-სელის უნივერსიტეტი: 12 სექტემბერი – 14 ოქტომბერი
ფილიპინების სახელმწიფო უნივერსიტეტი: 21 ნოემბერი – 21 დეკემბერი     

აღსანიშნავია, რომ ფილიპინების მოგზაური მუზეუმის გამოფენამ დიდი ინტერესი გამოიწვია ადგილობრივ მედიაში.