,,ძალაუფლება და პათოსი – ელინისტური სამყაროს ბრინჯაოს ქანდაკებები" ვაშინგტონის ეროვნულ გალერეაში

13 დეკემბერი 2015 – 20 მარტი 2016

2015 წლის 13 დეკემბრიდან ვანში აღმოჩენილი ჭაბუკის ბრინჯაოს ტორსი (ძვ.წ. II-I სს.) ვაშინგტონის ეროვნულ გალერეაში გამოიფინა.   

საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექციებში დაცული ექსპონატი, ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გამოფენის ,,ძალაუფლება და პათოსი - ელინისტური სამყაროს ბრინჯაოს ქანდაკებები" ნაწილს წარმოადგენს. მოძრავი გამოფენა ჯერ ფლორენციის პალაცო სტროციში (14 მარტი - 21 ივნისი, 2015), შემდეგ კი ლოს-ანჯელესის ჟან-პოლ გეტის მუზეუმში (28 ივლისი - 1 ნოემბერი, 2015) იყო წარმოდგენილი.

ბრინჯაოს ტორსის გარდა, ექსპოზიციაზე დამთავლიერებელი იხილავს ,,ძველი სამყაროს" შედევრებად აღიარებულ ნიმუშებს მსოფლიოს წამყვანი მუზეუმებიდან: ლონდონის ბრიტანეთის მუზეუმი, ნიუ იორკის მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმი, ფლორენციის უფიცის გალერეა, ნეაპოლის ნაციონალური არქეოლოგიური მუზეუმი, ათენის ნაციონალური არქეოლოგიური მუზეუმი, პარიზის ლუვრი, ვატიკანის მუზეუმი.   

აღნიშნული გამოფენა ლოს ანჯელესის ჟან-პოლ გეტის მუზეუმის, ვაშინგტონის ეროვნული გალერეისა და ტოსკანის მთავარი არქეოლოგიური სამმართველოს ორგანიზებით გაიხსნა და ბოლო დროის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ არქეოლოგიურ ექსპოზოციას წარმოადგენს.  

გამოფენა ,,ძალაუფლება და პათოსი – ელინისტური სამყაროს ბრინჯაოს ქანდაკებები" ვაშინგტონის ეროვნულ გალერეაში 20 მარტამდე გაგრძელდება.   

საქართველოს ეროვნული მუზეუმის მონაწილეობა გამოფენაში მრავალწლიანი თანამშრომლობის გაგრძელებაა, რომელსაც ის წარმატებით ახორციელებს ჟან-პოლ გეტის მუზეუმთან (თანამშრომლობის პროექტი ითვალისწინებს უძველესი ლითონების სამეცნიერო შესწავლასა და ტექნიკურ კვლევას). 

მას შემდეგ, რაც 2016 წელს საქართველოს ეროვნული მუზეუმის ოთარ ლორთქიფანიძის ვანის არქეოლოგიურ მუზეუმში დასრულდება ფართომასშტაბიანი სარეკონსტრუქციო სამუშაოები, ბრინჯაოს ჭაბუკის ტორსი უკვე განახლებულ საგამოფენო სივრცეს დაუბრუნდება.