გამოფენა - ერთად დავასრულოთ პლასტმასით დაბინძურება

26 ივლისი 2019 – 28 ივლისი 2019

საქართველოს მუზეუმი

საქართველოს ეროვნული მუზეუმი, CENN და Cannes Lions Georgia წარმოგიდგენთ ახალგაზრდა ქართველი დიზაინერების მიერ შექმნილ კონცეპტუალურ ნამუშევრებს ყოველდღიურ ცხოვრებაში პლასტმასას გამოყენების შემცირებაზე. 

ყოველწლიურად ჩვენ ვიყენებთ 300 მილიონ ტონა პლასტმასას მთელი მსოფლიოს მასშტაბით, აქედან 50% ერთჯერადად გამოიყენება და შემდეგ ნაგავსაყრელზე ხვდება.

აღნიშნულ პრობლემაზე საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით Cannes Lions საქართველოს ფესტივალის პრინტ კატეგორიის პარტნიორი იყო პროგრამა "ნარჩენების მართვის ტექნოლოგია რეგიონებში" რომელსაც USAID-ის მხარდაჭერით ახორციელებს CENN. აღნიშნულ კატეგორიაში 48 მონაწილემ წარმოადგინა ხედვა ყოველდღიურ ცხოვრებაში ერთჯერადი პლასტმასას გამოყენების შემცირებაზე.

კანის ლომების საერთაშორისო ფესტივალი (Cannes Lions International Festival of Creativity) ყველაზე მასშტაბური და მნიშვნელოვანი მოვლენაა მსოფლიო სარეკლამო სფეროში. საქართველო კანის დიდ ოჯახს 2015 წლიდან შეუერთდა. 2018 წლის ჩათვლით კი, უკვე 46 ქართველი ახალგაზრდა წარსდგა საერთაშორისო ასპარეზზე. პირველ ეტაპზე, მონაწილე ქვეყნებში ტარდება ყველაზე კრეატიული ახალგაზრდების შიდა კონკურსი სხვადასხვა კატეგორიაში.

CENN არასამთავრობო რეგიონული ორგანიზაციაა. ჩვენ ვიცავთ გარემოს სამხრეთ კავკასიაში მდგრადი განვითარების ხელშეწყობის მიზნით. ჩვენი ორგანიზაცია აქტიურად მუშაობს კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის; რესურსების მდგრადი მართვის; ჯანსაღი, წარმატებული და კლიმატის მიმართ სტაბილური თემების ფორმირებისა და განვითარების; გარემოსდაცვით საკითხებში ქალთა ჩართულობისა და მათი როლის ზრდის მიმართულებებით.

USAID საქართველოს მხარდაჭერით მიმდინარე პროგრამის მიზანია ხელი შეუწყობს შესაბამის ცენტრალურ და ადგილობრივ მთავრობებს, ადგილობრივ ბიზნესს, თემებსა და მუნიციპალიტეტებს ნარჩენების მართვის ინტეგრირებული სისტემის შემუშავებასა და დანერგვაში საქართველოს ოთხ სამიზნე რეგიონში - აჭარაში, შიდა ქართლში, კახეთსა და თბილისში.

გამოფენის გახსნა: 26 ივლისი | 17:00 საათი 

ხანგრძლივობა: 26-28 ივლისი, 2019 

მისამართი: სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი, შ. რუსთაველის გამზ. 3