ლეონარდო - Opera Omnia

27 თებერვ. 2019 – 29 მარტი 2019

საქართველოს მუზეუმი

საქართველოს ეროვნული მუზეუმი უერთდება ლეონარდო და ვინჩის გარდაცვალებიდან 500 წლისადმი მიძღვნილ ღონისძიებათა ციკლს და წარმოგიდგენთ მულტიმედიურ საგანმანათლებლო პროექტს „ლეონარდო - Opera Omnia", სადაც დამთვალიერებელი იხილავს ლეონარდოს ფერწერული ნამუშევრების ციფრულ რეპროდუქციებს.

სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის ერთ საექსპოზიციო სივრცეში გამოიფინება მსოფლიოს სხვადასხვა მუზეუმში დაცული ლეონარდო და ვინჩის 17 ფერწერული ნამუშევრის რეალური ზომისა და მაღალი რეზოლუციის ციფრული რეპროდუქციები.

მულტიმედიურ გამოფენას იტალიის საზღვრებს გარეთ, დამთვალიერებელი პირველად სწორედ თბილისში იხილავს, შემდეგ კი სხვა ქვეყნებში განაგრძნობს მოგზაურობას. ლეონარდოს გამოფენა Rai.Com-ის მიერ ჩაფიქრებული და განხორციელებული პროექტია და წარმოადგენს 2017 წელს ეროვნულ გალერეაში გამართული კარავაჯოს მულტიმედიური ექსპოზიციის ანალოგს. თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით შექმნილი პროექტი Opera Omnia ანუ „წარმოუდგენელი გამოფენა" ხელოვნებასა და ტექნოლოგიებს, წარსულსა და მომავალს ერთმანეთთან აკავშირებს.

ლეონარდო - მხატვარი, ინჟინერი და მეცნიერი, არქიტექტორი, ანატომი და გამომგონებელი, რენესანსის ეპოქის უნივერსალური გენიოსი, რომელმაც გადატრიალება მოახდინა არა მხოლოდ სახვით ხელოვნებაში, არამედ აზროვნებასა და მეცნიერებაში.  

საქართველოში იტალიური გამოფენების კოორდინატორია იტალიის საელჩო საქართველოში. აღნიშნული გამოფენების ციკლი ორი ქვეყნის სხვადასხვა ინსტიტუციას შორის მჭიდრო თანამშრომლობის შედეგია: იტალიის მხრიდან - საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტრო, საქართველოს მხრიდან კი - განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროქალაქ თბილისის მერია და ეროვნული მუზეუმი.

წინასწარი რეგისტრაციის საფუძველზე, სკოლის ჯგუფებისთვის დასწრება თავისუფალია.

ლეონარდო და ვინჩის ცხოვრება
გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრები

გამოფენის ხანგრძლივობა: 27 თებერვალი - 29 მარტი, 2019
მისამართი: სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი, შოთა რუსთაველის გამზ. 3

◆ მუზეუმი მუშაობს ყოველდღე ორშაბათისა და ოფიციალური დასვენების დღეების გარდა, 10:00-დან 17:30 საათამდე. 
ბილეთის საფასური:
მოზრდილი 7 ლარი;
სტუდენტი 1 ლარი;
სკოლის მოსწავლე 50 თეთრი;
პენსიონერი 50 თეთრი;
ბავშვი 6 წლამდე უფასო;

*ბილეთების შეძენა ასევე შესაძლებელია ელექტრონულად ვებგვერდზე: biletebi.ge 

შესაბამისი დოკუმენტის წარდგენით მუზეუმში შესვლა უფასოა:
ICOM-ის წევრებისთვის, საქართველოსა და უცხოეთის სახელმწიფო მუზეუმების თანამშრომლებისთვის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის, სოციალურად დაუცველი და იძულებით გადაადგილებულთათვის.