ანდრეი ოსტაშოვის გამოფენა „ელემენტები - სკულპტურები და გრაფიკული ნამუშევრები“

04 მარტი 2018 – 23 მარტი 2018

ეროვნული გალერეა

საქართველოს ეროვნული მუზეუმი წარმოგიდგენთ ანდრეი ოსტაშოვის გამოფენას „ელემენტები - სკულპტურები და გრაფიკული ნამუშევრები" დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში. 

ანდრეი ოსტაშოვი ბელარუსი მოქანდაკეა, რომელიც ცხოვრობს და მოღვაწეობს მინსკში. ის მუშაობს ქვასა და ბრინჯაოზე, ასევე ქმნის გრაფიკულ ნამუშევრებს. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება 50-მდე ქვისა და ბრინჯაოს სკულპტურა და 25-მდე გრაფიკული ნამუშევარი. დამთვალიერებელი იხილავს ავტორის მიერ სხვადასხვა დროს შესრულებულ საუკეთესო ნამუშევრებს, ასევე ახალ ნამუშევრებს სერიიდან „ელემენტები". 

1995 წლიდან, ანდრეი ოსტაშოვს მონაწილეობა აქვს მიღებული 100-ზე მეტ ეროვნულ და საერთაშორისო გამოფენაში, პლენუმებსა თუ საერთაშორისო პრაქტიკუმებში. იგი არის მრავალი სკულპტურული თუ არქიტექტურული კონკურსის გამარჯვებული, სხვადასხვა დროს იყო ბელარუსისა და პოლონეთის კულტურის მინისტრების მრჩეველი. 2009 წლიდან მართავს ანდრეი ოსტაშოვის გალერეას მინსკში.
თავისი აქტიური შემოქმედების 20 წლის განმავლობაში, ანდრეი ოსტაშოვი ქმნის თანამედროვე მითებსა და ლეგენდებს, რაც ერთნაირად ხიბლავს ზრდასრულ და ახალგაზრდა მნახველს. მისი ნამუშევრებში ირღვევა ზღვარი რეალურ და წარმოსახვით სამყაროებს შორის.

თავის შემოქმედებაში არტისტი ეხმიანება იდეას, რომ დღეისათვის ადამიანები აღარ იყოფიან ევროპელებად და აზიელებად. ევროპულ ესთეტიკასთან ერთად, იგი აქტიურად იყენებს აზიურ მოტივებსა და ელემენტებს. მისი შემოქმედება არის ერთგვარი ნაზავი ტრადიციული კულტურებისა, რომელიც, თავის მხრივ, ერწყმის თანამედროვეობას და თანამედროვე ადამიანის შინაგანი სამყაროს გამოძახილს წარმოადგენს.

ანდრეი ოსტაშოვის ნამუშევრები დაცულია ბელარუსის, დიდი ბრიტანეთის, კანადის, არაბთა გაერთიანებული საამიროების, პოლონეთის, რუსეთის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ბევრი სხვა ქვეყნის კერძო თუ სამუზეუმო კოლექციებში. 

ხანგრძლივობა: 4 - 23 მარტი, 2018 
მისამართი: დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა, შოთა რუსთაველის გამზ.11


*გალერეა მუშაობს ყოველდღე ორშაბათის გარდა, 10:00-დან 17:30 საათამდე.
შესასვლელი ბილეთის საფასური: 
მოზრდილი 7 ლარი;
სტუდენტი 1 ლარი;
სკოლის მოსწავლე 50 თეთრი;
პენსიონერი 50 თეთრი;
ბავშვი 6 წლამდე უფასო;

*ბილეთების შეძენა ასევე შესაძლებელია ელექტრონულად ვებგვერდზე biletebi.ge

შესაბამისი დოკუმენტის წარდგენით მუზეუმში შესვლა უფასოა:
ICOM-ის წევრებისთვის, საქართველოსა და უცხოეთის სახელმწიფო მუზეუმების თანამშრომლებისთვის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის, სოციალურად დაუცველი და იძულებით გადაადგილებულთათვის.