„ჩემი ქალაქის საზღვრები“

12 ოქტომბ. 2017 – 27 ოქტომბ. 2017

თბილისის ისტორიის მუზეუმი

საქართველოს ეროვნული მუზეუმი „თანამედროვე ხელოვნების გალერეის" ფარგლებში წარმოგიდგენთ ორგანიზაცია Art&Society-ის პროექტს: „ჩემი ქალაქის საზღვრები", იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმში (ქარვასლა). 

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება თანამედროვე ხელოვნების მულტიმედიური ნამუშევრები, რომლებიც ეხმიანება ქვეყანაში მიმდინარე ურბანულ პროცესებს, მათ შორის, მშენებლობის ბუმს, რომელიც თბილისში არაცნობიერი დინებების ვიზუალიზაციაა. ამასთან, სამშენებლო კომპანიების სარეკლამო რგოლები სასურველი ცხოვრების მთელ ეპიზოდებსაც უხატავენ მომავალ მაცხოვრებლებს, რაც ნიშნავს, რომ ჩვენი პრივატული სივრცის მოდელირება უკვე გარედან ხდება.

ქალაქები საოცარი სისწრაფით ემსგავსებიან ერთმანეთს და რთული ხდება ავთენტურობის გარჩევა. უცვლელი რჩება მხოლოდ ქალაქში მოგზაურობის უძველესი შინაარსი: ქალაქის არსის ძიება, გლობალური და ლოკალური მახასიათებლების დახარისხება...

გამოფენა წარმოადგენს ტატო ახალკაციშვილის მულტიმედიურ ნამუშევარს მეხსიერებისა და ქვეცნობიერის თემაზე, ალექსანდრე გეგიას შერეული ტექნიკით შესრულებულ „ურბანულ დღიურებს", მანანა კობახიძის გრაფიკული პრინტების სერიას - „დაკარგული", ილია ბალავაძის ფერწერულ სერიას „ცემენტის ნისლი", ლევან მინდიაშვილისა და გიორგი ჩხეიძის „არა-ადგილების" თემაზე შექმნილ ინსტალაციებს, ლანა ცაგარეიშვილის აბსტრაქტულ ნამუშევრებს და Art&Society-ის ვიდეოს -  „ბილტმორი".

გამოფენის კურატორი: ხათუნა ხაბულიანი. 

გამოფენის გახსნა: 12 ოქტომბერი, 18:00 საათი.

გამოფენის ხანგრძლივობა: 12 ოქტომბერი - 27 ოქტომბერი, 2017.

მისამართი: თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა), სიონის ქ. 8