ლადო გუდიაშვილი და ქართული მონუმენტური მხატვრობა

21 დეკემბერი 2016 – 26 თებერვ. 2017

ხელოვნების მუზეუმი

2016 წლის 21 დეკემბრიდან საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში გიწვევთ ლადო გუდიაშვილის 120 წლის იუბილესადმი მიძღვნილ გამოფენაზე „ლადო გუდიაშვილი და ქართული მონუმენტური მხატვრობა".   

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ლადო გუდიაშვილის მრავალფეროვანი შემოქმედების ერთი ასპექტი - მონუმენტური მხატვრობა, რომელიც სხვადასხვა ეტაპზე განსხვავებულად აისახა. 

1916-1917 წლებში სრულიად ახალგაზრდა ლადო გუდიაშვილი ერთვება საისტორიო-  საეთნოგრაფიო და ქართველ ხელოვანთა საზოგადოებების მიერ ეროვნული კულტურის შესწავლა-გადარჩენის მიზნით მოწყობილ ექსპედიციებში და მათი დავალებით ასრულებს შუა საუკუნეების ქართული კედლის მხატვრობის ასლებს.

ამ დროიდან ლადო გუდიაშვილი თავად ქმნის კედლის მხატვრობას ტფილისის მოდერნისტულ არტ-კაფეებსა და კლუბებში (მათ შორის, 1919 წელს ქართველ მწერალთა არტისტულ კაფე-კლუბ „ქიმერიონში"). ლადო გუდიაშვილი პარიზშიც და სამშობლოში დაბრუნების შემდეგაც არ წყვეტს მონუმენტურ მხატვრობასთან დაკავშირებული პროექტების განხორციელებას, მიუხედავად იმისა, რომ მათი უმეტესი ნაწილი დაუდევრობისა თუ საბჭოთა იდეოლოგიური წნეხის პირობებში მიზანმიმართულად ნადგურდებოდა. თავდაპირველი სახით შემორჩა მხოლოდ 1946 წელს მოხატული ქაშვეთის წმ. გიორგის ეკლესიის საკურთხეველი.

გამოფენა „ლადო გუდიაშვილი და ქართული მონუმენტური მხატვრობა" წარმოადგენს ლადო გუდიაშვილის მიერ შუა საუკუნეების ქართული მონუმენტური მხატვრობის მათ შორის, ექვთიმე თაყაიშვილის თაოსნობით 1917 წელს მოწყობილი ტაო-კლარჯეთისა და 1954 წელს ბიჭვინთის V-VI საუკუნის ეკლესიის იატაკის მოზაიკის აღდგენა-გადარჩენის ექსპედიციის დროს (მხატვარ ოთარ სულავასთან ერთად) შესრულებულ ასლებს. ასევე,  თავად ლადო გუდიაშვილის მიერ წლების განმავლობაში განხორციელებული თუ განუხორციელებელი კედლის მოხატულობების ესკიზებსა და უნიკალურ ფოტომასალას.

მისამართი: შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი, ლადო გუდიაშვილის ქ. 1