იდენტურობის ფორმირება

24 დეკემბერი 2016 – 19 იანვარი 2017

თბილისის ისტორიის მუზეუმი

2016 წლის 24 დეკემბერს, 16:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმში, პროექტის „თანამედროვე ხელოვნების გალერეა" ფარგლებში, გიწვევთ გამოფენის გახსნაზე სახელწოდებით „იდენტურობის ფორმირება".

პროექტი ,,თანამედროვე ხელოვნების გალერეა" მიზნად ისახავს საქართველოში თანამედროვე ხელოვნების მხარდაჭერასა და განვითარებას, ხელს უწყობს თანამედროვე ქართული ხელოვნების, როგორც ადგილობრივ და რეგიონალურ, ასევე, საერთაშორისო ასპარეზზე წარმოჩენას.

ამჯერად, თბილისის ისტორიის მუზეუმი უმასპინძლებს ახალგაზრდა ქართველი ხელოვანების   გამოფენას. "იდენტურობის ფორმირება" 2016 წლის ივნისში კიევში ჩატარდა და „თანამედროვე ხელოვნების გალერეის " პროექტის პირველ გამოფენას წარმოადგენდა.

გამოფენა ფოკუსირებულია ახალგაზრდა ქართველ ხელოვანებზე, რომლებიც გვიჩვენებენ ქართული თანამედროვე ხელოვნების სიცოცხლისუნარიანობას და მასში ექსპერიმენტების სხვადასხვა დონეს.  გამოფენაში მონაწილეობს უცხოეთსა და საქართველოში მოღვაწე შვიდი ქართველი ხელოვანი: ლევან მინდიაშვილი, ანა ჩადუნელი, თამარ მჭედლიშვილი, დავით მესხი, გიორგი ტაბატაძე, ანა ზირაქაშვილი და გიო სუმბაძე.  

თითოეული არტისტი თავის კონკრეტულ სამყაროს წარმოგვიდგენს, სადაც ადამიანები ფუჭი ოცნებით ცხოვრობენ, ცვლილებების პროცესში მყოფი ქვეყნის, საზოგადოებრივ და  კერძო სივრცეებში. ექსპერიმენტების მრავალფეროვნებით ავტორები კულტურას თავისი განსხვავებული იდენტობის ჩამოყალიბების პროცესში წარმოგვიდგენენ.

პროექტი ,,თანამედროვე ხელოვნების გალერეა", ხორციელდება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერითა და კოორდინაციით.

გამოფენა ,,იდენტურობის ფორმირება" 2017 წლის 19 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.

მისამართი: იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა), სიონის ქუჩა 8.

 

 

ლევან მინდიაშვილი

ფერწერაში ლევან მინდიაშვილის პრაქტიკა ინსტალაციებისა და სკულპტურული ობიექტების მეშვეობით აისახება. მისი ინტერესის მთავარი ობიექტია საზოგადოებრივ და პირად სივრცეებს შორის კომპლექსური ურთიერთობები.

ლევან მინდიაშვილი დაიბადა 1979 წელს, თბილისში, ხოლო არტისტად ჩამოყალიბდა გერმანიაში, სადაც, მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა სახელოვნებო პროექტებში. მოქანდაკის ბაკალავრის ხარისხი თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, ხოლო მაგისტრის ხარისხი მედიახელოვნების მიმართულებით - ბუენოს აირესის  (არგენტინა) ხელოვნების ეროვნულ უნივერსიტეტში მიიღო.

ლევან მინდიაშვილის ჯილდოებს შორის აღსანიშნავია ხელოვნების მხარდაჭერის სახელმწიფო ფონდის საზოგადოებრივი ხელოვნების პროექტების კომისიის გრანტი, ნიუ-იორკი, 2014 და 2011 წელს მიღებული ჯილდო დამწყები ხელოვანისათვის, Moviestar Arte Jovén, ბუენოს აირესი, არგენტინა. მისი ნამუშევრები წარმოდგენილი იყო გამოფენებზე: ტარტუს ხელოვნების მუზეუმი, ესტონეთი; Hathaway David Contemporary, ატლანტა; ODETTA, ბრუკლინი; RichMix, ლონდონი; საქართველოს ეროვნული მუზეუმი, თბილისი.

მინდიაშვილის ბოლო პერსონალურ გამოფენებზე ნაჩვენები იყო ნამუშევრები: „Unintended Archelogy” (უტა ბექაიასთან ერთად) The Lodge Gallery, ნიო-იორკი;  “Studies For Unintended Archeology” The Vazquez Building, Brooklyn; Border lines”, The Lodge Gallery, ნიო-იორკი;  ,,ურბანული იდენტობები ”, Kunstraub99, კიოლნი. აჟამად ლევან მინდიაშვილი ცხოვრობს და მუშაობს ნიუ-იორკში.

“Unintended Archeology of (un) Place”

შერჩეული ნამუშევრები მხატვრის მიმდინარე პროექტის Unintended Archeology of (un) Place ნაწილია, რომელიც ინსტალაციითა და სკულპტურებით არის წარმოდგენილი. ნამუშევრები, რომლებიც აკრილის საღებავების რამოდენიმე შრისა და გელის გამხსნელის გამოყენებითაა შესრულებული, ვინტაჟური, პიქსელირებული ფოტოების იმიტაციას ახდენს და ჩვენს მიერ წარსულის აღქმას, „შესწავლილ“ ისტორიას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. თუკი ნახატები „ლოიალურია“ მათი პირველწყაროს (მშობლიურ საქართველოში მოგზაურობისას გადაღებული ფოტოები) მიმართ, სკულპტურები მხატვრის მიერ სხვადასხვა ადგილას ცხოვრების შედეგად მიღებული გამოცდილებისა და მოგონებების ერთიან გამოსახულებას წარმოადგენს. ზოგიერთი დეტალი შესაძლოა ბრუკლინის ბინაზე ან თბილისის სახლზე მიგვანიშნებდეს, თუმცა ისინი მხოლოდ ჰერმეტული ნაშთებია იმისა, რაც ოდესღაც იყო სახლი. ერთი მხრივ, პიგმენტირებული თაბაშირით შესრულებული ეს ქანდაკებები, თითქოს ვიზუალურად და ზედაპირულად მდგრადობის, მუდმივობის იმიტაციას ქმნის, მაგრამ ამავე დროს, მის მიერ არჩეული მყიფე მასალა დღევანდელ საზოგადოებაში „ადგილისა“ და „სახლის“ ცნებების დროებით, ეფემერულ ბუნებას აღნიშნავს. დღეს ბევრისათვის ადგილის შეგრძნება,გადაადგილების შეგრძნებად აღიქმება.

 

თამარ მჭედლიშვილი

თამარ მჭედლიშვილი დაიბადა 1979 წელს საქართველოში, ცხოვრობს და მუშაობს თბილისში. თამარი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების ისტორიისა და თეორიის, ჰუმანიტარული ფაკულტეტის სტუდენტია. 2006 წელს, დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის, თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი მხატვარ-დეკორატორის სპეციალობით.  2012-2013 წწ. სწავლობდა თანამედროვე ხელოვნების ცენტრში, თბილისში.

თამარ მჭედლიშვილი მუშაობს სხვადასხვა მედიაში: მხატვრობა, ინსტალაცია, საუნდი, ფოტოგრაფია და პერფორმანსი. მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა საერთაშორისო გამოფენებში. 2014 წლიდან არტ-ჯგუფის „ახალი კოლექტივი“ წევრი და თანადამფუძნებელია. ,,ახალი კოლექტივი“ წარმოადგენს სოციალურ ორგანიზაციას, რომლის მიზანია, საქართველოს საზოგადოების ყველა ფენისათვის გახადოს ხელოვნების ენა  ხელმისაწვდომი.

,,წაიკითხე ტექსტი”

მსოფლიოში ინფორმაციის მისაღებად ერთი ძირითადი მეთოდი, ტექსტი არსებობს,  სხვადასხვა დამწერლობის მიხედვით, სხვადასხვა გრაფიკული ვიზუალით. თავდაპირველად მთავარი მნიშვნელობა ენიჭებოდა ტექსტის მხატვრულ მხარეს, მაგრამ თანდათანობით, როდესაც მსოფლიოში გამოჩნდა ფონეტიკური ენა თავისი გრაფიკული ნიშნებით, მისი მნიშვნელობა შემცირდა. მეცხრამეტე საუკუნეში გამოიგონეს ბრაილის ანბანი უსინათლოთათვის, რომლის წაკითხვა მხოლოდ შეხებითაა შესაძლებელი. თანამედროვე სამყაროსთვის ასევე აქტუალურია სენსორული ეკრანი, რომელიც ადამიანებს ინფორმაციის მოპოვებისა და გავრცელების საშუალებას აძლევს. XX საუკუნეში, ინფორმაციის გავრცელების პროცესი ძალიან იოლი იყო. დღეს ჩვენ მხოლოდ მინიმალისტურ შტრიხ-კოდებს ვხვდებით ქუჩებში. ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მეთოდია QR (quick response სწრაფი გამოხმაურება), რომელიც დიდი რაოდენობის ინფორმაციას ინახავს. QR-ის წაკითხვა მხოლოდ სპეციალური ტექნიკის მეშვეობითაა შესაძლებელი. ამ მხრივ, QR ბრაილის ანბანის ანალოგიურია. ჩვენ უნდა ვიცოდეთ ბრაილის ანბანის კომბინაციები, იმისათვის, რათა წავიკითხოთ ტექსტი, ისევე როგორც ეს QR-ის კოდის შემთხვევაში ხდება.

ამგვარად, ნამუშევარი „წაიკითხე ტექსტი“, წარმოადგენს ინტერაქტიულ ობიექტს, რომელიც ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით, მიზნად ისახავს ბრაილის სისტემაში კოდირებული ტექსტის განსაზღვრას შტრიხ-კოდების მეშვეობით.

 

დავით მესხი

 ფოტოხელოვანი დავით მესხი დაიბადა 1979 წელს თბილისში. ამჟამად, ცხოვრობს და მუშაობს ბერლინში. მაგისტრის ხარისხი ჰიდროეკოლოგიის სპეციალობით მოიპოვა, შემდეგ კი პროფესია შეიცვალა და ხელოვნებით დაინტერესდა. დაამთავრა შოთა რუსთაველის  თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, ფოტოჟურნალისტის სპეციალობით. 2004 წლიდან, თანამშრომლობს რამდენიმე ჟურნალთან. მისი ნამუშევრები გამოფენილი იყო საქართველოში, გერმანიაში, საფრანგეთში, ავსტრიაში, ისრაელში, რუსეთსა და დიდ ბრიტანეთში. არტისტის კამერა მუდმივად სიცოცხლის ნიშნების ძიებაშია. ხელოვანისათვის ფოტოგრაფია არსებობის, იდეალიზირების და ემოციების გაზიარების საშუალება ხდება, რასაც წარმოაჩენს კიდეც, თავის ნამუშევრებში. დავით მესხის ნამუშევრების უმეტესობა ახალგაზრდა თაობის იდუმალ შრეებს გვიჩვენებს. მისი შთაგონების წყაროს ბავშვები, მოზარდები და მათი თვითგამოხატვის ინდივიდუალური ფორმები წარმოადგენს. ნამუშევრები იმ  ფოტოგრაფიულ გამოსახულებათა ერთობლიობაა, რომლებიც არღვევენ დროის საზღვრებს. მესხი ასახავს ახალგაზრდა ადამიანებს, რომელთა სხეულიც არ ემორჩილება გრავიტაციის უნივერსალურ ძალას. თავის ნამუშევრებში,  ის ეგზისტენციალური მსოფლმხედველობის მიმდევარია. ფოტოები წარმოგვიდგენენ არტისტს, როგორც ინდივიდსა და ფოტოხელოვანს. სევდა და მელანქოლია უპირისპირდება ოპტიმისტურ, სიცოცხლით სავსე პერსონაჟებს. ისინი ერთდროულად, იდეალურობისა და მელანქოლიის სიმბლოს წარმოადგენენ. ეს არის ის გზავნილი, რომლის გადმოცემასაც არტისტი ცდილობს თავის ნამუშევრებში.

„სპორტული სკოლა“

ბატუტზე ხტომისას ტანმოვარჯიშის ქვევით არსებული სამყარო წამიერად გარდაიქმნება. ის მიქრის ზევით, უკან მოიტოვებს ყველაფერს, მაგრამ როგორც კი დაბლა დაეშვება ყველაფერი თავიდან იწყება. ადამიანები გვერდიგვერდ დგანან სპორტულ დარბაზში. გადაღლილი სახეებით საუბრობენ მიმდინარე საქმეებზე ან პოლიტიკაზე და შიგადაშიგ უყვირიან ბავშვებს. მწვრთნელები სევდიანად ადევნებენ თვალს თითოეული მათგანის სრულყოფილად შესრულებულ მოქმედებას.

 

 

ანა ჩადუნელი

 ანა ჩადუნელი ახალგაზრდა ქართველი ხელოვანია. დაიბადა 1990 წლის 6 აპრილს რუსთავში, მუშაობს თბილისში. 2009-2013 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, არქიტექტურის ფაკულტეტზე. 2012-2013 წლებში სწავლობდა თბილისის თანამედროვე ხელოვნების ცენტრში. მუშაობისას ანა სხვადასხვა მედიას მიმართავს - ინსტალაცია, ვიდეო, საუნდი, ფოტოგრაფია, გრაფიკა, ფერწერა; მისი ნამუშევრები ფოკუსირებულია ციფრული და ბუნებრივი მასალების კვლევაზე. 2000 წლიდან დღემდე, ანამ მრავალ საერთაშორისო გამოფენაში მიიღო მონაწილეობა: საფრანგეთში (ვილა არსონი, ნიცა), (EESAAB, რენი); KV Kunstverein (ლაიპციგი, გერმანია). 2014 წელს, ის მიიწვიეს არტისტების რეზიდენციაში, ნორვეგიაში - Nordic artist’s center Dalsasen. 2014 წლიდან, ქალთა ორგანიზაციის ,,ახალი კოლექტივი” წევრი და ერთ-ერთი დამფუძნებელია. 2015 წელს, ანამ დაიმსახურა „წინანდლის პრემია“ სახვითი ხელოვნებისათვის. მისი ვიდეომასალები ქართული ვიდეოხელოვნების არქივშია შესული. 2015 წელს, ის მიიწვიეს ფონდში Binz39, ციურიხში, შვედეთში.

2015 წელს, ანამ მონაწილეობა მიიღო ქართულ-უკრაინულ გამოფენაში “Manifest Through Form – a Route of Evanescence” სტამბულის საერთაშორისო ხელოვნების მე-14-ე ბიენალეს პარალელური პროგრამის ფარგლებში და ასევე  კიევის ბიენალეში.

„სიცარიელე“

 ანა ჩადუნელი ამ ვიდეოში ცდილობს აჩვენოს როგორ ტრანსფორმირდება არქიტექტურა და თანამედროვე ქალაქის დაგეგმარება, როგორ აისახება ეს პროცესი მის მოქალაქეებზე. სწრაფად მზარდ ქალაქში საბჭოთა კავშირის ეპოქის შედეგი შეერწყა თანამედროვეობას  და ფართოდ გავრცელდა თავისუფალი დაგეგმარების მქონე შენობები.  ავტორი ცხადად წარმოიდგენს ამ სივრცეს, როგორც დაბალტექნოლოგიურ ვიდეოთამაშს, მინიმალისტურ, შავ-თეთრ ანიმაციას, რომელსაც გააჩნია წარმოსახვითი ნახატი - ლაბირინთი. მაყურებლები კი მოთამაშეებად წარმოგვიდგებიან;  მათ უნდა აირჩიონ საკუთარი მიმართულება გზაჯვარედინზე.  ქალაქი კარნახობს მათ მოძრაობებს.

გიო სუმბაძე

გიო სუმბაძე მულტიმედიური ხელოვანია. მუშაობს ფოტოგრაფიაში, აქვს ვიდეონამუშევრები, ინსტალაციები, ასევე ქმნის გრაფიკულ დიზაინს. მისი ხელოვნება ფოკუსირებულია არქიტექტურაზე და ზოგადად ბუნების სტრუქტურებზე, არქიტექტურულ გეგმარებაზე, რომელიც ხანდახან იმეორებს ბუნების ფორმებს, ზოგჯერ კი უპირისპირდება კიდეც მას. როგორც ავტორი ამბობს, მისი ,,ნამუშევრები დროის და სივრცის ტიპოლოგიური დოკუმენტაციაა.” ხელოვანის მთავარი შთაგონების წყარო იბადება იმის შედეგად, თუ ვინ/რა ხვდება მის ობიექტივში. გიო სუმბაძე 1990-იანი წლებიდან მონაწილეობს არტპროექტებში, თანამშრომლობს ქართველ და უცხოელ კურატორებთან და არტისტებთან.

„URB EX Series“

გიო სუმბაძემ წარადგინა საქართველო ვენეციის ორმოცდამეთხუთმეტე ბიენალეზე. არქიტექტურული პროექტის „კამიკაძე ლოჯია“ შთაგონების წყაროს წარმოადგენს თბილისის არაორგანიზებული არქიტექტურა. გიო სუმბაძე არის ხელოვანთა ჯგუფის GOSLAB წევრი თბილისში (საქართველო).

 

გიორგი ტაბატაძე

გიორგი ტაბატაძე დაიბადა 1980 წელს საქართველოში, ამჟამად  კი ცხოვრობს და მოღვაწეობს ამსტერდამში (ნიდერლანდები). 1997-2005 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში (ქანდაკების ფაკულტეტი). 2010 წელს მიიღო სენდბერგის ინსტიტუტის სახვითი ხელოვნების მაგისტრის დიპლომი (ამსტერდამი). ტაბატაძის ნამუშევრებში წამყვანი თემაა  საკითხი იმის შესახებ, რომ ჩვენი კულტურა და მედია ცირკულირებს  წარმოება/მოხმარების ციკლის ორივე მხარეს.

გიორგი ტაბატაძე  ჯგუფის “Focus LAB“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ნიდერლანდებში. ეს ორგანიზაცია მოგზაურობს ნიდერლანდების კულტურულ ლანდშაფტში და აწყობს შეხვედრებსა და ჯგუფურ დისკუსიებს სხვადასხვა თემებზე. 2014 წელს, გიორგი ტაბატაძემ მოაწყო Focus LAB-ის შეხვედრები ამსტერდამის Foam/photography მუზეუმსა და EYE/Film ინსტიტუტში.

გიორგი მონაწილეობდა სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ გამოფენებში როგორიცაა: საერთაშორისო პროექტი „მესამე სივრცე“, ლეიპციგი, გერმანია 2015; Project Media – Graffiti თბილისში, საქართველო 2013; რთული ურთიერთობები II KalmarKunst Museum, შვედეთი 2011; Kustvlaai ამსტერდამი, ნიდერლანდები 2010. გიორგი ტაბატაძის ჯგუფური ქანდაკება „უცნობი მომხმარებლის მონუმენტი“ წარმოდგენილი იყო გამოფენაზე „აზროვნების ექსპერიმენტი“ KiK Kolderveen, ნიოდერლანდები 2014 და  Popiashvili Gvaberidze Window Project, თბილისი, საქართველო 2014.

 „უცნობი მომხმარებლის მონუმენტი“

პროექტი ეფუძნება ცარიელ პორტრეტულ გამოსახულებას, რომელიც სოციალურ მედიაში განასახიერებს უცნობ მომხმარებელს ან ისეთ ინფორმაციას, რომელსაც აკლია ფოტო. სოციალური მედიის კონტექსტში ეს გამოსახულება საყოველთაოდ ცნობილი მანიშნებელია და არ საჭიროებს დამატებით ახსნას, მაგრამ რა მოხდება, როცა ეს გამოსახულება სამგანზომილებიან ობიექტად „ითარგმნება“? „თარგმნის“ პროცესი ნათელს ჰფენს საზოგადოებრივი სივრცის ორი სახეობის შეუსაბამობას. კერძოდ, ტრადიციული საზოგადოებრივი სივრცე (ცნობილი ადამიანების ქანდაკებებით, ქუჩის სახელწოდებებით, ისტორიული ღირშესანიშნაობებით და სხვა საზოგადოებრივი მიმანიშნებლებით) და მისი ახალი სახეობები, რომელსაც გვთავაზობს სოციალური მედია და კიბერსივრცე, მარტივად და ადვილად ვერ „ითარგმნება“ ერთიმეორესთან. „უცნობი მომხმარებლის მონუმენტი“ რეალურ და ვირტუალურ სამყაროს შორის არსებული ამგვარი კონფლიქტის თვალსაჩინო მაგალითია, რომელიც ხაზს უსვამს ადეკვატური „თარგმანის“ შეუძლებლობას.

ნინო ზირაქაშვილი

ნინო ზირაქაშვილი დაიბადა 1989 წელს თბილისში, ცხოვრობს რუსთავში. 2005 წელს ჩააბარა კოლეჯში, სადაც სწავლობდა სამოსის დიზაინსა და მოდელირებას. მიღებულმა გამოცდილებამ, მას თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში წარმატებით ჩაბარების შესაძლებლობა მისცა, სადაც მოიპოვა 100%-იანი სტიპენდია. 2010-2014 წლებში, ნინო ზირაქაშვილის მხატვრული ხედვა გაღრმავდა. ხელოვანი ცდილობდა თავისი ნამუშევრებისათვის განსხვავებული მასალა მოეძებნა.  ხალიჩის, ბატიკის, თექის და გობელენის ტექნიკის ცოდნა, ძალიან დაეხმარა ამაში. ნინო ზირაქაშვილის შთაგონების წყაროს, უმთავრესად ურბანული თანამედროვეობის ადამიანები და მათი ცხოვრების სტილი წარმოადგენს.

ამჟამად, ნინო თბილისის სამხატვრო აკადემიის ვიზუალური ხელოვნების მაგისტრატურის ბოლო კურსზე სწავლობს. ის მუშაობს ფილოსოფიურ საკითხებზე და სათანადო ყურადღებას უთმობს ვიზუალიზაციას და ესთეტიურ მხარეებს. ნინო ზირაქაშვილი მონაწილეობდა თანამედროვე ხელოვნების ფესტივალში Fest I nova 2016.

„ჟანგიანი ლურსმანი“

მომავლის შენება შეუძლებელია ახალი ხედვის გარეშე. ჟანგიანი ლურსმანი მოძველდა და გაიყინა ისეთი იდეოლოგიების ეპოქაში, რომელიც ვერ უძლებს დროს. შეშინებული ხალხი ებღაუჭება ჟანგიან წარსულს და მომავლის შენებას ცდილობს.