ინსტალაცია ”ხვალ იქნება გუშინ”

06 ნოემბერი 2016 – 14 ნოემბერი 2016

საქართველოს მუზეუმი

2016 წლის 6 ნოემბერს, 17:00  საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში გიწვევთ ტატო ახალკაციშვილის ინსტალაციაზე სახელწოდებით "ხვალ იქნება გუშინ". ინსტალაცია გაიმართება თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო გამოფენის ,,არტისტერიუმი 9"-ს ფარგლებში.

ტატო ახალკაციშვილი თანამედროვე ქართველი არტისტია. მისი პროექტი ”ხვალ იქნება გუშინ” წარმოადგენს სერიის ”ცეცხლთან თამაში”-ს ნაწილს. პროექტი ეყრდნობა ავტორის დაკვირვებას იმ შედეგებზე, რომელიც ტრადიციების მანიპულირებით, ფსიქოლოგიური ტერორით და არქეტიპებისადმი გაუცნობიერებელი შიშითაა გამოწვეული. 

 „არტისტერიუმი" თბილისის თანამედროვე ხელოვნების ყოველწლიური საერთაშორისო გამოფენაა, რომელიც მოიცავს უცხოელი და ქართველი მხატვრების გამოფენებს, საგანმანათლებლო და კულტურულ პროგრამებს. 2016 წლის, რიგით მეცხრე არტისტერიუმი, ჩატარდება თბილისში, 4-14 ნოემბერს.

 „არტისტერიუმი" დაფუძნდა და პირველად ჩატარდა 2008 წლის ნოემბერში. სახელწოდება "არტისტერიუმი" იმეორებს თბილისში გასული საუკუნის 10-იან წლებში არსებულ იმავე სახელწოდების არტ-კლუბის სახელს, რომელიც ცნობილი იყო ინოვაციური გამოფენებით, პოეზიის საღამოებითა და დისკუსიებით.

მე-9 არტისტერიუმს მასპინძლობს: საქართველოს ეროვნული მუზეუმის თბილისის ისტორიის მუზეუმი „ქარვასლა" და სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი; გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი; გალერეა ,,კონტეინერი"; გალა გალერეა და არტარეას საგამოფენო დარბაზი.

2016 წლის არტისტერიუმში მონაწილე ქვეყნებია: საქართველო, აზერბაიჯანი, თურქეთი, აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფნარგეთი, ავსტრია, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, შვეიცარია, ინდოეთი, ჩეხეთი, ისრაელი და სამხრეთ კორეა.

ღონისძიების ორგანიზატორია ასოციაცია „არტისტერიუმი". პროექტის მხარდამჭერები არიან საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრი, საქართველოს ეროვნული მუზეუმი, ლიტერატურის მუზეუმი, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია, ამერიკის საელჩო საქართველოში, ბრიტანეთის საბჭო საქართველოში და გოეთეს ინსტიტუტი საქართველოში.

ინსტალაცია "ხვალ იქნება გუშინ" 2016 წლის 14 ნოემბრამდე გაგრძელდება.

 

მისამართი: სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი, რუსთაველის გამზ. 3