მე ვხედავ თითებით

12 ივნისი 2016 – 20 აგვისტო 2016

საქართველოს მუზეუმი

12 ივნისიდან საქართველოს ეროვნული მუზეუმი და ხელოვნების ცენტრი ,,ფოლიანტი" გიწვევთ სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში გამოფენაზე ,,მე ვხედავ თითებით". 

გამოფენაზე წარმოდგენილია თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების, სხვადასხვა სასწავლო და შემოქმედებითი დაწესებულების მოსწავლეებისა და მათი პედაგოგების სახვითი ხელოვნების ნაწარმოებები, რომელთა უმრავლესობა „ვეფხისტყაოსნის" თემაზეა შექმნილი და ეძღვნება შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილეს.

განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს მხედველობის პრობლემების მქონე ბავშვებისა და მოზარდების ნამუშევრები, რომლებიც კომპლექსურად შეიგრძნობა განათებებით, პერსონაჟების მოძრაობით, ხმებით, შეხებით, ფიზიკური ჩართულობით,  გარკვეული თამაშითა და თეატრალური ეფექტებით.

ჰარმონიულად შერწყმული პრაქტიკული და თეორიული შემოქმედებითი პროცესის შედეგად შეიქმნა ერთობლივი არტ-პროექტების ახალი კრეატიული გარემო. ინსტალაციებში არსებული ფორმები და კონტექსტი იკითხება მხედველობის პრობლემების მქონე ადამიანების აღქმებისა და შეგრძნებების განსაკუთრებულობის გათვალისწინებით. ამ ნამუშევრებით, ერთი მხრივ, შეიცვალა აღქმა მნახველებისთვის და, მეორე მხრივ, ნამუშევრის შექმნის მიდგომები არტისტებისთვის.

გამოფენაზე ასევე წარმოდგენილია გვიანდელი ბრინჯაოს ხანის კერამიკული ჭურჭელი და კოლხური ბრინჯაოს ცულების ასლები სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის კოლექციებიდან; საქართველოს სახალხო მხატვრის - რუსუდან ჯავრიშვილის (1918-1999 წწ.) მოლბერტი; პირველად საქართველოში, მათთვის ვინც ხედავს თითებით, ბრაილის შრიფტით შესრულებული კახური ტრადიციული მეღვინეობის მიერ წარმოებული ღვინის ეტიკეტები და სტომატოლოგიის ცენტრი ,,ალბიუსის"  ხელნაკეთი ექსპონატები.

პროექტის ფარგლებში გაიმართება ხელოვნებათმცოდნე ქეთევან კინწურაშვილის ლექცია ,,საგნობრივიდან უსაგნო ხელოვნებამდე" (15 ივნისი, 16:00 საათი) და მხატვარ ქეთევან მატაბელის მასტერკლასი ,,შოთა რუსთაველის ვეფხისტყაოსანი თანამედროვე ხელოვნებაში" (17 ივნისი, 16:00 საათი).

პროექტის ხელმძღვანელია მხატვარი ქეთევან მატაბელი. თანაორგანიზატორები: აპ. ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია,  ქ. თბილისის №202 უსინათლო ბავშვთა საჯარო სკოლა, ელენე ახვლედიანის სახელობის ბავშვთა სურათების ეროვნული გალერეა, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეის ხელოვნების სტუდია.

***

3 ივლისს 16:00 საათიდან გამოფენის ფარგლებში მოეწყობა ინსტალაცია ,,მსხვერპლშეწირვა - სტატიკური დრამა". 

,,მსხვერპლშეწირვა - სტატიკური დრამა" მნახველს განაწყობს  მსხვერპლშეწირვის თემა განიცადოს პირადი ცოდნიდან, გამოცდილებიდან, მგრძნობელობიდან და დამოკიდებულებიდან გამომდინარე. სივრცეში მოხვედრილი დამთვალიერებელი თავისდაუნებურად გახდება ინსტალაციის თანამონაწილე, რომელშიც პოეტური ფორმით არის წარმოჩენილი ძალადობის თემა.

სივრცის დიზაინის ყველა დეტალი გამიზნულია, რომ აღქმის პროცესში ჩართული იყოს ადამიანის ოთხი ძირითადი გრძნობა - მხედველობა, სმენა, ყნოსვა და შეხება. ფიზიკური კონტაქტი ორგანულ მასალასთან (მაყურებელს საშუალება ეძლევა ფეხსაცმელი დატოვოს ინსტალაციის სივრცის გარეთ და ფეხშიშველმა შეაბიჯოს იატაკზე და ფენილ მატყლზე), სპეციალურად ინსტალაციისთვის შექმნილი მუსიკა, საკმევლის სურნელი როგორც ატმოსფეროს არსებითი ნაწილი,  მთავარი ფიგურის სხეულიდან ჩამოღვენთილი სისხლის წვეთების იმიტაცია - ყველაფერი ატარებს სიმბოლურ დატვირთვას და ქმნის სივრცეს, სადაც კონცეფცია ტრანსფორმაციას განიცდის დამთვალიერებლის წარმოსახვაში ფიქრის პროცესის მექანიზმით და ბიძგს აძლევს მას თემის მრავალმხრივი ინდივიდუალური ინტერპრეტაციისთვის.

ინსტალაციის მიზანია დამთვალიერებელი ჩართოს შემოთავაზებულ თემაზე ფიქრის პროცესში და ამ გზით აქციოს შექმნილ სივრცეში წარმოდგენილი მოვლენის თანამონაწილედ. ეს არის დრამა შთაბეჭდილების, აღქმის, რომელიც თვითმხილველის გონებაში, მის წარმოსახვით პერსპექტივაში ვითარდება. 

ინტალაციაზე გამოყენებული იქნება სხვადასხვა მასალა: მატყლი, მანეკენი, ხის და ლითონის კონსტრუქცია, პოლიეთილენის ავზი, შლანგი, გლიცერინი, ორგანული საღებავი, ძრავა, ვაზის ტოტები, ელექტრო განათება, ხმა, ხმის გამაძლიერებლები, საკმეველი.

პროექტი წარმოდგენილი იყო პრაღასა (მე-12 კვადრიენელე, 2011 წ.) და თბილისში (არტისტერიუმი 2012წ.).

ინსტალაციის ავტორები არიან გიო ჯანიაშვილი (კონცეფცია, ვიზუალური დიზაინი, ხმოვანი ინსტალაცია) და დავით ჯანიაშვილი (ვიზუალური დიზაინი, ტექნიკური კონსტრუქცია).

პროექტის მხარდამჭერია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, სარეკლამო კომპანია „მოზაიკა ჰოლდინგი", შპს ,,ბენე".

გამოფენა და ინსტალაცია 2016 წლის 20 აგვისტომდე გაგრძელდება.

მისამართი: სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი. ფურცელაძის ქუჩა, 3.