კავკასიური მოძრავი მუზეუმი

21 დეკემბერი 2015 – 31 მარტი 2016

საქართველოს მუზეუმი

2015 წლის 21 დეკემბრიდან საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში წარმოგიდგენთ პირველი ქართველი მესურათხატის, ალექსანდრე როინაშვილის სამუზეუმო ნივთების გამოფენას ,,კავკასიური მოძრავი მუზეუმი".  

გამოფენაზე დამთვალიერებელი გაეცნობა ალექსანდრე როინაშვილის VII-XIX საუკუნეების სამუზეუმო ნივთებს. როინაშვილის სამუზეუმო კოლექცია მოიცავს როგორც ქართულ, ასევე კავკასიურ, ისლამურ, აზიურ და ევროპულ ნივთებს. მათ შორისაა ავტორის მიერ გადაღებული ფოტოები, საომარი-სამხედრო აღკაზმულობები, სპილენძის, ვერცხლის, კერამიკის, ფაიფურისა და ფაიანსის ჭურჭელი, ნუმიზმატიკური ნიმუშები, არქეოლოგიური, ანტიკვარული ნივთები და სხვა.

გამოფენაზე წარმოდგენილი ექსპონატები დაცულია საქართველოს ეროვნული მუზეუმის ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში, შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში, ი. გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმსა და საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში.

ექსპოზიციის ფარგლებში გაიმართება წიგნის ,,ალექსანდრე როინაშვილი და მისი მუზეუმი“ პრეზენტაცია. წიგნი სრულად ასახავს როინაშვილის სამუზეუმო საქმიანობის მნიშვნელობას ქვეყნის ისტორიისა და კულტურული განვითარებისათვის

ალექსანდრე როინაშვილი (1846-1898) დუშეთში, ღარიბი ხელოსნის ოჯახში დაიბადა. 14 წლის ასაკში ჩამოვიდა თბილისში და ფერწერ-ფოტოგრაფ ხლამოვთან დაიწყო სწავლა და მუშაობა. 1865 წლიდან დამოუკიდებლად ხსნის საკუთარ ფოტოატელიეს და იწყებს სიძველეების შეგროვებას. ის მოგზაურობს და იღებს საქართველოს ყველა კუთხეს და ისტორიული მნიშვნელობის ძეგლებს. ამზადებს რეპროდუქციებს ფრესკებიდან, ქმნის ქართულ მატიანეს და ფოტოგრაფიას ეროვნულ იერს სძენს. 1880 წელს როინაშვილი დაღესტანში მიემგზავრება, სადაც რვა წლის განმავლობაში ცხოვრობს. ის მიზნად ისახავს ქართული ეროვნული მუზეუმის გახსნას, იძენს ისტორიულ-ეთნოგრაფიულ ნივთებს, იკვლევს მათ წარმოშობას, აწყობს კავკასიური სიძველეების გამოფენას და ქმნის კავკასიის მოძრავ მუზეუმს, რომლითაც მოგზაურობს ასტრახანში, სარატოვში, სამარაში, პეტერბურგსა და მოსკოვში.

ალექსანდრე როინაშვილი მეცხრამეტე საუკუნის საზოგადოებრივ-საგანმანათლებლო-კულტურულ ავანგარდში მოღვაწე გამორჩეული ფიგურაა, რომელმაც თავისი მრავალმხრივი და ხანმოკლე საქმიანობით, იმ პერიოდის საქართველოსთვის ყველაზე აქტუალურ სფეროებში მოახერხა სიახლის დამკვიდრება, ძველის შენარჩუნება, არსებული ფასეულობების შენახვა და საჯაროდ გამოტანა. როინაშვილმა სრულფასოვნად გაიაზრა მუზეუმის მნიშვნელობა ქვეყნის განვითარებისთვის. მან პირველმა შექმნა ქართული ფოტოგრაფიული სკოლა. დიდუბის პანთეონში, მისი საფლავის ქვაზე, სადაც ალექსანდრე როინაშვილი ილია ჭავჭავაძის თაოსნობით დაიკრძალა, ამოკვეთილია შემდეგი: „სამაგალითო ქველმოქმედს და ქვეყნისათვის სიყვარულით სავსეს - ალექსანდრე როინაშვილს".

მისამართი: სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი, შოთა რუსთაველისგამზ.3.