#მუზეუმიფოკუსში

06 ოქტომბ. 2015 – 19 ოქტომბ. 2015

საქართველოს მუზეუმი

საქართველოს ეროვნული მუზეუმი უკვე Instagram-ზეა!

მუზეუმი ახალ სოციალურ ქსელში ჩართვას გამოფენით აღნიშნავს. გამოფენაზე წარმოდგენილია ხუთი ახალგაზრდა ფოტოგრაფის: ლუიზა ჩალათაშვილი, ლევან მაისურაძე, დავით ჭალიძე, დინა ოგანოვასა და ნატა აბაშიძე-რომანოვსკაიას ინსტაგრამ ფოტოები, რომლებიც მათ ეროვნული მუზეუმის გაერთიანებაში შემვალ მუზეუმებში, გალერეასა და სახლ-მუზეუმში გადაიღეს.   

გამოფენა 2015 წლის 19 ოქტომბრამდე გაგრძელდება. 

გამოგვყევით მუზეუმის Instagram გვერდზე @georgiannationalmuseum - თქვენ შეძლებთ ნახოთ, თუ რა ხდება მუზეუმის კულისებში - როგორ მზადდება გამოფენები, რას ინახავს მუზეუმის საცავები, გაეცნობით ჩვენს ლაბორატორიებს, რესტავრაციის პროცესს და მუზეუმის ცხოვრების ამსახველ სხვა ფოტომასალას.

გადაიღეთ ფოტო მუზეუმის სივრცეში და ატვირთეთ Instagram-ზე #მუზეუმიფოკუსში ან  #museuminfocus-ის მითითებით. 

მისამართი: სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი, შოთა რუსთაველის გამზ.3. 

***

ნატა აბაშიძე-რომანოვსკაია - არსებობს მოსაზრება, რომ მუზეუმებში სიარული ყველაზე მოსაწყენი საქმეა. მე არ ვეთანხმები ამ აზრს და არც არასდროს ვეთანხმებოდი. მუზეუმი არის ხელოვნების სახლი - ადგილი, სადაც არავინ ზღუდავს შენს ფანტაზიას.  

ყველა ადამიანს გააჩნია უნიკალური ხედვა, შესაბამისად ნებისმიერი ექსპონატი  სხვადასხვანაირად აღიქმება. ჩემთვის ის კალეიდოსკოპს გავს, სადაც სიუჟეტი არასდროს არის იდენტური, იქიდან გამომდინარე თუ რა განწყობით მიდიხარ, რა კუთხიდან შეხედავ, რა ინფორმაციას ეძებ.

ჩემი სერია საკმაოდ სიურეალისტური გამოვიდა, ჩემი განწყობის შესაბამისად. თითოეული ფოტო შეიძლება დიდხანს ათვალიერო და მოძებნო ბევრი დეტალი, რომელიც პირველი შეხედვისას სავარაუდოდ გამოგრჩება.

ნებისმიერი მუზეუმი უფრო და უფრო საინტერესო ხდება, როცა იწყებ ძიებას.

ლევანი მაისურაძე - მუზეუმში გამოფენებზე სიარული და მათი გადაღება ჩემი პროფესიის ნაწილს წარმოადგენს. თუმცა, ამ შემთხვევაში, პროექტმა მომცა მეტი შესაძლებლობა და თავისუფლება მემოძრავა მუზეუმის სივრცეში და აქცენტი გამეკეთებინა არა მხოლოდ არსებულ გამოფენებზე და ისტორიულ საგანძურზე, არამედ დამენახა მუზეუმი სხვა რაკურსით.

ვთვლი, რომ მსგავსი პროექტები ეხმიანება თანამედროვე ტენდენციებს და ხელს უწყობს ახალგაზრდების ჩართულობას სახელოვნებო სფეროში. პროექტის საშუალებით მგონია, რომ ძალიან ბევრი ადამიანი სრულიად სხვანაირად დაინახავს მუზეუმს.

მიხარია, რომ მომეცა საშუალება მონაწილეობა მიმეღო ამ პროექტში და მემუშავა არა მხოლოდ ქვეყნის წამყვან კულტურულ-სამეცნიერო ინსტიტუციასთან, არამედ ნიჭიერ ახალგაზრდა ფოტოგრაფებთან ერთად.

მინდა, რომ უფრო მეტმა ჩემმა მეგობარმა მოაქციოს მუზეუმი თავის ფოკუსში. 

დინა ოგანოვა - ისტორია - ჩვენი სამყაროს განუყოფელი ნაწილია. ფოტოც ძალიან დიდ როლს თამაშობს მასში. ამიტომ, როდესაც შემომთავაზეს ამ პროექტში მონაწილეობის მიღება დაუფიქრებლად დავთანხმდი.

მუზეუმი, ჩემთვის ყოველთვის „სხვა ცხოვრებასთან" ასოცირდება.
ბავშობაში დედაჩემს ძალიან ხშირად დავყავდი და მახსოვს მუზეუმიდან გამოსვლის შემდეგ, როგორი შთაბეჭდილების ქვეშ ვიყავი, უამრავ კითხვას ვსვამდი და შემდეგ „მოგზაურობაში ვეშვებოდი" - რატომღაც, ყოველთვის მინდოდა XIX საუკუნის ერთ-ერთი „გმირი" ვყოფილიყავი...

ამიტომ, როდესაც მუზეუმის კედლები ჩემთვის, როგორც ფოტოგრაფისთვის გაიხსნა, მინდოდა მომეძებნა „დროის მანქანის" ნამდვილი პერსონაჟები.

მუზეუმის გიდი - ადამიანი, რომელიც თავისი ცხოვრების უდიდეს ნაწილს, სწორედ მის კედლებში ატარებს და რომლის მეშვეობითაც ჩვენც „ამ სამყაროს შვილები" ვხდებით.

ფოტოსერიით მინდოდა მეჩვენებინა ის ადამიანები, რომლებიც ვთვლი, რომ მუზეუმის ერთ-ერთ განუყოფელ ნაწილს წარმოადგენენ.

ლუიზა ჩალათაშვილი - ფოტოგადაღება ეროვნულ მუზეუმში საინტერესო და სასიამოვნო პროცესი აღმოჩნდა, არა მხოლოდ იმ თვალსაზრისით, რომ აქ უამრავი ექსპონატია, არამედ საინტერესოა თვითონ შენობათა არქიტექტურა თავისი სივრცითა და საოცარი განათებით.

დათვალიერებისას, ეს ადგილები წარმოვიდგინე როგორც სხვადასხვა ფოტოგადაღების ლოკაციები. დიდი სიამოვნებით გამოვიყენებდი ამ სივრცეებს ჩემი მომავალი პროექტებისთვის. ამიტომ, ეროვნული მუზეუმისთვის გადაღებულ ჩემს ინსტა-სერიას დავარქვი  #მუზეუმიროგორცსივრცე #museumasaspace.

 ავტორის ყველა საგამოფენო ფოტო გადაღებულია სმარტფონით.

 დავით ჭალიძე  - მიყვარს საქართველოს ისტორია და კულტურა, შესაბამისად დიდი სიამოვნებით დავთანხმდი პროექტში მონაწილეობას, რომელიც საშუალებას მომცემდა ადამიანებისათვის გამეზიარებინა ჩემი თვალით დანახული XXI  საუკუნის მუზეუმი. ყოველთვის ინტერესით ვათვალიერებ დარბაზებს და ვერ ვწყდები გამოფენილ ნივთებს. მუზეუმი ჩემთვის უდიდესი შთაგონების წყაროა.

ამჟამად ვსწვალობ არქეოლოგიას და ქართული ტრადიციული არქიტექტურა ჩემი ინტერესის სფეროს წარმოადგენს, შესაბამისად ბევრი არ მიფიქრია, თუ რა ტიპის სერიას გადავიღებდი -  გადავწყვიტე მივსულიყავი ეთნოგრაფიულ მუზეუმში და მთელი საქართველო ერთ სივრცეში თავმოყრილი მენახა.

მუზეუმების საზოგადოებასთან დაახლოების მიზნით, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და სოციალური მედიის გამოყენება ერთდროულად კონტრასტული და ძალიან საინტერესო პროცესია. დღევანდელ სამყაროში, დრო ძალზედ ფასობს, ინტერნეტთან წვდომის  ზრდასთან ერთად ჩვენ მეტი ინფორმაციის მიღებას ვახერხებთ. ვთვლი, რომ ამით თანამედროვე მუზეუმებსაც ეძლევათ ახალი შესაძლებლობები მოიზიდონ დამთვალიერებლები.