10 წელი - მეთოდის შესახებ

05 ივლისი 2015 – 30 ივლისი 2015

ხელოვნების მუზეუმი

2015 წლის 5 ივლისს 17:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში გიწვევთ გამოფენის გახსნაზე სახელწოდებით ,,10 წელი - მეთოდის შესახებ".

ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება უკრაინელ თანამედროვე ხელოვანთა ჯგუფის R.E.P.-ის მიერ 10 წლის განმავლობაში უკრაინაში მიმდინარე მოვლენებისა და სოციალური პრობლემების თემატიკაზე შექმნილი ფოტო და ვიდეო  ნამუშევრები.

ხელოვანთა ჯგუფი R.E.P. კიევში 2004 წელს დაარსდა. პერიოდში, როდესაც თანამედროვე ხელოვნებაში მომუშავე არტისტები, განსაკუთრებით კი ახალგაზრდები შეუმჩნეველები იყვნენ საზოგადოებისთვის. "ნარინჯისფერი რევოლუციის" პროცესში გამართულმა ღონისძიებებმა წარმოაჩინა, რომ ხელოვნების ამ სფეროში მომუშავე არტისტები არა მხოლოდ არსებობდნენ, არამედ ამ სოციუმის აქტიურ ნაწილსაც წარმოადგენდნენ. თავიანთ ნამუშევრებში ისინი აქცენტს აკეთებენ ისეთ საკითხებზე, რომლებიც აქტუალურია დღევანდელი უკრაინული საზოგადოებისთვის - გარე სამყაროსა და შიდა პრობლემებზე. ხელოვანთა მიერ  ქუჩაში გამართული აქციები იყო ერთგვარი მანიფესტი, მათ სურდათ კულტურაზე, ხელოვნებაზე, საზოგადოებრივ ინტერესებზე, საკუთარ წუხილზე, პოლიტიკაზე და იმის აუცილებლობაზე  ესაუბრათ, რომ ქვეყანაში არსებული მდგომარეობა შესაცვლელი იყო.

გამოფენაში მონაწილეობენ R.E.P. ჯგუფის წევრები: ქსენია გნილიტსკაია, ნიკიტა კადანი, ჟანა კადიროვა, ლესია ხომენკო, ვლადიმირ კუზნეცოვი და ლადა ნაკონეჩნაია. ხელოვანებს მონაწილეობა აქვთ მიღებული ვენეციის, ლიონისა და თელავივის ბიენალეებში და ჰქონდათ გამოფენები პარიზში, მიუნხენსა და კალსრუეში.  

გამოფენა 2015 წლის 30 ივლისამდე გაგრძელდება.

მისამართი: შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი; ლადო გუდიაშვილის ქუჩა #1.