თანამედროვე მხატვართა გამოფენა

10 ივნისი 2015 – 28 ივნისი 2015

ხელოვნების მუზეუმი

2015 წლის 10 ივნისს 18:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში გიწვევთ თანამედროვე ქართველ მხატვართა ჯგუფური გამოფენის გახსნაზე.

დამთვალიერებელს საშუალება ეძლევა იხილოს ექსპოზიციაზე წარმოდგენილი 50 სხვადასხვა თაობის ქართველი მხატვრის ბოლო პერიოდში შესრულებული ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები.

პროექტის მიზანია ახალი სახელებისა და თაობათა შორის კავშირების წარმოჩენა, თუ როგორ ვითარდება თანამედროვე ქართული ვიზუალური ხელოვნება და რა გავლენას ახდენს ზოგად ევროპულ არტ-სივრცეში განვითარებული მხატვრული პროცესები და გაბატონებული ტენდენციები ქართველ მხატვართა შემოქმედებაზე.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება რადიშ თორდიას, რუსუდან ფეტვიაშვილის, შალვა მატუაშვილის, ლორეტა აბაშიძე-შენგელიას, ილო პატაშურის, გოგი წერეთელის და სხვა მრავალი გამოჩენილი მხატვრის ნამუშევარი. 

გამოფენა მოეწყო საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და საქართველოს მხატვართა ეროვნული შემოქმედებითი გაერთიანების ოგანიზებით. გამოფენის მხარდამჭერები არიან თბილისის საკრებულო და თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრი.

გამოფენა 2015 წლის 28 ივნისამდე გაგრძელდება.

მისამართი: შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი, ლადო გუდიაშვილის ქუჩა #1. თბილისი.