წინათგრძნობა

09 ივნისი 2015 – 19 ივნისი 2015

თბილისის ისტორიის მუზეუმი

2015 წლის 9 ივნისს 17:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის თბილისის ისტორიის მუზეუმში გიწვევთ ცირა პაპინაშვილის ნამუშევრების გამოფენის გახსნაზე სახელწოდებით ,,წინათგრძნობა".

ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება მხატვრის ფერწერული და გრაფიკული ტილოები, რომლებიც მეტაფორული შინაარსის მქონე კომპოზიციებით გამოირჩევა. მხატვრის აზრით, ექსპრესიონისტულ აბსტრაქციებში დაფლეთილი ფორმები და დრამატული ფერები გამოხატავს გამოფენის ძირითად აზრს - მატერიალური სამყაროს წარმავლობის წინათგრძნობას.

ცირა პაპინაშვილი ქართული გრაფიკული სკოლის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელია. ჰქონდა ორი პერსონალური გამოფენა და აქტიურად მონაწილეობდა ჯგუფურ გამოფენებში, როგორც საქართველოში, ასევე იაპონიაში, რუსეთში, გერმანიასა და ჩეხეთში. მისი ნამუშევრები ინახება დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში და, ასევე, საქართველოსა და საზღვარგარეთის კერძო კოლექციებში.

გამოფენა 2015 წლის 19 ივნისამდე გაგრძელდება.

მისამართი: ი. გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა), სიონის ქ. #8.