,,მაქს ერნსტი, წიგნები და გრაფიკა”.

06 დეკემბერი 2006 – 10 იანვარი 2007

თბილისის ისტორიის მუზეუმი

2006 წლის 6 დეკემბერს 18.00 საათზე საქართველოს ეროვნულ მუზეუმის თბილისის ისტორიის მუზეუმი  გიწვევთ მაქს ერნსტის გამოფენაზე სახელწოდებით ,,მაქს ერნსტი, წიგნები და გრაფიკა".

გამოფენის ორგანიზატორები არიან: საქართველოს ეროვნული მუზეუმი, გოეთეს ინსტიტუტი საქართველოში და უცხოეთთან ურთიერთობის ინსტიტუტი (იფა).

მაქს ერნსტის შემოქმედება მრავალმხრივია, იგი ცნობილია როგორც გრაფიკოსი, ფერმწერი, მოქანდაკე, მწერალი, ხელოვნების თეორეტიკოსი, თეატრის დეკორატორი, რეჟისორი, მსახიობი, დადა-ჯგუფის ფუძემდებელი მხატვრობაში, ფროტაჟის ტექნიკის ავტორი, დეკალკომანიის ტექნიკის გამავრცელებელი ევროპაში და მრავალი ჯილდოს მფლობელი.

როგორც გრაფიკულ ნამუშევრებს, ასევე წიგნის ილუსტრაციებს მაქს ერნსტის შემოქმედებაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. 196 გრაფიკისა და 26 წიგნისაგან შემდგარი გამოფენა მისი შემოქმედების მნიშვნელოვან ეტაპებს ასახავს. ესენია: ადრეული დადას დროინდელი წიგნები, სიურეალისტური ეპოქის რომანი-კოლაჟები და შედარებით გვიანი პერიოდის ცალკეული ნამუშევრები, რომლებიც კუბისტურ და გეომეტრიულ ფიგურებს ქმნიან.

მუშაობისას მაქს ერნსტი იყენებს გრაფიკული ბეჭდვის მრავალფეროვან ტექნიკას, როგორებიცაა ლითოგრაფია და ოფორტი, ამავე დროს, ხშირად მიმართავს ექსპერიმენტებს, რისი შედეგიცაა ფროტაჟის ტექნიკის აღმოჩენა.

ნიუ-იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის მთავარმა კურატორმა უილიამ ს. რუბინმა, პირველმა აღნიშნა მაქს ერნსტის განსაკუთრებული მნიშვნელობა: "თავისი მრავალფეროვანი სტილითა და ტექნიკით მაქს ერნსტი დადასა და სიურეალიზმისთვის იგივე მნიშვნელობისაა, როგორც პიკასო მთელი მე-20 საუკუნის ხელოვნებისათვის".

გამოფენა გაგრძელდება 2007 წლის 10 იანვრამდე.